რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაციის თავმჯდომარის შალვა ალავერდაშვილის აზრით, ვითარების დეესკალაციისთვის საქართველოში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
როგორც ალავერდაშვილმა „ბიზნესს კვირეულში“ სპეციალურ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, თბილისში სასტუმროების 70% სრულად ცარიელია და ბიზნესი კვლავ თვითგადარჩენის რეჟიმშია.
„საკმაოდ რთული გახდა ყოველ დილით გაღვიძება და მეგობრებიდან, ახლობლებიდან იმის მოსმენა, რომ ფრთხილად იყავი. ადამიანებმა უკვე იგრძნეს შიში, ამის დათესვა დაიწყო და ამიტომ ისმის „მოდი შენ გაჩუმდი, შენც არ დაგადგნენ“ და ა.შ. ეს ქვეყანა ასე წინ ვერ წავა. ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ბელარუსი, არცერთი სხვა ქვეყანა არაა, ეს საქართველოა და აქ ასე ვერ იცხოვრებ, აქ სხვა მენტალიტეტია.
რაც შეეხება ბიზნესს და ტურიზმს, იცით რომ ყველაზე მყიფე ბიზნესია და მყისიერად ეტყობა ყველაფერი, დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის სასტუმროების თითქმის 70% აბსოლუტურად ცარიელია, სტუმრები არ არიან, კვირა დღესაც ვმსჯელობთ რა ვქნათ, პერსონალი როგორ შევინახოთ და მერე გამოსავალი რა იქნება. ჯავშნების რაოდენობა იმ ნიშნულზეა, რომ თვითღირებულებასაც ვერ დაფარავენ. ამ ბიზნესმა რამდენი უნდა გადაიაროს არ ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სტაბილურობა, მშვიდობა და რაც უფრო მალე ვიპოვით გამოსავალს, მით მალე მოვახერხებთ სექტორის აღდგენას. სულ ამაზე საუბარი გვიწევს, როდემდე? მთავარი გამოსავალია დეესკალაცია და ამისთვის უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.“ - განაცხადა ალავერდაშვილმა.