მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რთულია ეს ყველაფერი ბიზნესებისთვის" - "სითი მოლის" დირექტორი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებს

60eda6b2cd1f9
ინგა მურუსიძე
13.07.21 22:31
1063
ალბათ ყველა ბიზნესის მოთხოვნაა, რომ გარემო იყოს სტაბილური, რათა რაც შეიძლება მეტი ინვესტორი შემოვიდეს და მეტი კომპანია განვითარდეს საქართველოში, - ამის შესახებ bm.ge-ს „სითი მოლის“ დირექტორმა, ლევან მესხელმა ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოს კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, არსებული ვითარება ბიზნესზე მძიმედ აისახება, მით უმეტეს, პანდემიის გამო არსებული კრიზისის ფონზე.

„რთულია ეს ყველაფერი ბიზნესებისთვის. ვალუტის კურსი შედარებით გამყარდა და ეს კარგია. თუმცა ალბათ ყველა ბიზნესის სურვილი და მოთხოვნაა, რომ კურსი იყოს მყარი და გარემო სტაბილური, რათა რაც შეიძლება მეტი ინვესტორი შემოვიდეს, ასევე მეტი კომპანია განვითარდეს საქართველოში. ალბათ ყველას ერთნაირი სურვილები გვაქვს. ყველამ ვიცით, რომ მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, სტაბილურობა და მეტი თანხების შემოდინება ძალიან კარგია. ყველა ქვეყნის ყოველდღიური საზრუნავია ალბათ ეს“, - განაცხადა მესხელმა.

რაც შეეხება თავად რიტეილ-ბიზნესს, როგორც „სითი მოლის“ დირექტორი ამბობს, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, დინამიკა დადებითია.

„ნელ-ნელა შეზღუდვების მოხსნასთან ერთად დადებითი დინამიკა არის. პროცენტულ რაოდენობას რაც შეეხება, ერთი მაჩვენებელი არის მომხმარებლის რაოდენობა და მეორე მსყიდველუნარიანობა. რაოდენობრივად ყოველთვიურად ნაკადი იმატებს, თუმცა მსყიდველუნარიანობის თვალსაზრისით ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. ზოგადად, ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია, თუმცა სავაჭრო ცენტრები კონკურენციის ფარგლებში ცდილობენ შეინარჩუნონ მომხმარებელი“, - ამბობს ის.

გარდა ამისა, ლევან მესხელი აანონსებს, რომ მომავალ წელს შესაძლოა გარკვეული ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით წინ გადაიდგას ნაბიჯები, თუმცა რომელ ბრენდებზეა საუბარი, ამას არ აკონკრეტებს.

„ახალი ბრენდების შემოსვლაზე საუბარი მუდმივად არის, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულს ვერ გეტყვით. ჯერ ყველა თავს იკავებს. ყველა ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. მომავალი წლიდან კი ალბათ სიტუაცია შეიცვლება და შეიძლება რამდენიმე ბრენდთან მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ“, - თქვა მესხელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები