2025 წელი საქართველოს ინფრასტრუქტურული სექტორისთვის გამოწვევების, სისტემური ცვლილებების და მტკივნეული ადაპტაციის პერიოდი იყო, თუმცა, დარგის წარმომადგენლების შეფასებით, ეს სირთულეები ახალი შესაძლებლობების საწინდარია. „ტესენ ჯგუფის“ მმართველი დირექტორი გიორგი თავართქილაძე BMG-სთან აცხადებს, რომ მიდგომების ცვლილება, ხარისხზე აქცენტის გაკეთება და სწორი საფასო პოლიტიკის შემუშავება სექტორის გაჯანსაღებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ პროცესს ჩრდილს აყენებს გახმაურებული კორუფციული სკანდალები, რომლებიც მთლიანად დარგის რეპუტაციას აზიანებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელი ცვლილებების გამო საწყის ეტაპზე დისკომფორტული იყო, როგორც კომპანიებისთვის, ისე დამკვეთებისთვის, საბოლოო ჯამში ეს პროცესები პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
„ეს იყო გამოწვევებით სავსე, საინტერესო წელი. ცვლილებები ყოველთვის მტკივნეულია. სიახლეები ხშირ შემთხვევაში იწვევს ძალიან ბევრ ცვლილებას, რამაც გამოიწვია ასე ვთქვათ, მცირე დისკომფორტი საწყის ეტაპზე. მაგრამ ყველა ცვლილება, საბოლოო ჯამში ყველა ახალი სირთულე, ჩვენი კომპანიის ხედვით, ახალი გამოწვევების და ახალი შესაძლებლობების საწინდარია,“ – ამბობს გიორგი თავართქილაძე.
მისივე თქმით, სექტორისთვის შეცვლილ წესებში, ძირითადი აქცენტები გაკეთდა მიდგომების ცვლილებაზე, ხარისხის კონტროლის გამკაცრებასა და სისტემურ ხედვაზე, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობას, არამედ მის შემდგომ მოვლა-შენახვას. ამ პროცესში, მისი განმარტებით, მნიშვნელოვანი როლი შეიძინა "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ", რომელიც დარგის პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათ ინფრასტრუქტურის სამინისტრომდე მიტანას უზრუნველყოფს.
ერთ-ერთ სადავო საკითხად რჩება ე.წ. „თეთრი სიის“ ინიციატივა. გიორგი თავართქილაძის თქმით, სახელმწიფო შესყიდვებში "თეთრი სიის" მექანიზმი პრობლემას ვერ გადაჭრის და სექტორს სხვა რამ სჭირდება.
„თეთრი სია არ არის გამოსავალი კომპანიებისთვის, რომ სწორად ოპერირება შეძლონ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ "თეთრი სია" არ სჭირდება ამ სექტორს. ამ სექტორს სჭირდება სწორი საფასო პოლიტიკა, სწორი ერთეულის ფასების დადგენა. დამკვეთის მხრიდან ანაზღაურდეს ყველა ის სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და შემდეგ, ეს ყველაფერი გამოიწვევს იმ კაპიტალის შექმნას, რომელიც "თეთრი სიის" საჭიროებას პრაქტიკულად გააქრობს,“ – განმარტავს "ტესენ ჯგუფის“ მმართველი დირექტორი.
რაც შეეხება 2025 წელს, ინფრასტრუქტურის სფეროში გახმაურებული კორუფციული სკანდალების საკითხს, გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები დამანგრეველია ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
„ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ბუნებრივი რესურსები, არ აქვს ფუფუნება, რომ ამ რესურსებით დამატებითი ღირებულება შექმნას - ასეთ ქვეყანაში კორუფცია საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ყველა კორუფციული გარიგება საბოლოო ჯამში, ეს არის ჩვენი შვილების გადასახდელი ფული, რომელიც კონკრეტულად ერთი ან ორი ადამიანის ჯიბეში წავიდა".
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მის კომპანიას მსგავს გარიგებებთან შეხება არასდროს ჰქონია, გახმაურებული ფაქტები ჩრდილს აყენებს მთლიანად სექტორს და აყალიბებს არაჯანსაღ წარმოდგენას. ეს კი არათანაბარ და არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს ქმნის, სადაც პატიოსან კომპანიებს საკუთარი რეპუტაციის დაცვა უჭირთ.
„გინდა, თუ არ გინდა, როდესაც სექტორის წარმომადგენელი ხარ, პირდაპირ თუ ირიბად გეხება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მერე სექტორზე ყალიბდება არაჯანსაღი წარმოდგენა. რთულია, ეკლიან ბაღში დააჯერო ადამიანს, რომ შენ ხარ ვარდი, რომელიც ყვავის“ – ამბობს თავართქილაძე და დასძენს, რომ ამ შეხედულებების გასაქრობად საჭიროა ორმხრივი მუშაობა და ნდობის აღდგენა.




























