9 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 16 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში, რთველი ტრადიციულად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. დღეისთვის ყურძნის კრეფა და ჩაბარება სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე კი რთველი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც აქტიურ ფაზაში გადავა.
„საკოორდინაციო შტაბში 300-ზე მეტი ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283“, - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.




























