სომხეთის უმდიდრესი ადამიანი და ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანულ ციხეში შიმშილობას აგრძელებს. BBC-ის რუსული რედაქციის ინფორმაციით, სასამართლო პროცესის დროს დროს მილიარდერი შეუძლოდ გახდა, რაც შიმშილობის ფონზე ორგანიზმის შესუსტებით აიხსნება.
პროტესტის ნიშნად შიმშილობა ვარდანიანმა ორი კვირის წინ დაიწყო და ამ დროისთვის ექვსი კილოგრამი დაიკლო. ამასთან, მილიარდერს მაღალი წნევა, აჩქარებული გულისცემა და თავბრუს ხვევა აწუხებს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის უმდიდრეს ადამიანის საქმეს ამჟამად აზერბაიჯანის სამხედრო სასამართლოში უსმენენ. მილიარდერს და მასთან ერთად ბრალდებულ რამდენიმე პირს სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის ოცი მუხლის დარღვევაში ედავება, რომლებიც ცალ-ცალკე მრავალი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუბენ ვარდანიანისადმი წაყენებულ ბრალდებებს შორის ვხედავთ, როგორც აგრესიული ომის დაწყებას, ასევე წამებას, ტერორიზმის ხელშეწყობას და სამხედრო წესების დარღვევას. ზოგიერთი ბრალდება 1992-1994 წლების ომთანაა დაკავშირებული.
რუბენ ვარდანიანი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2023 წლის სექტემბერში დააკავა, როცა მილიარდერი ყარაბაღის ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ვარდანიანი 2022 წელს დასახლდა, ანუ მეორე ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ. დაკავებამდე ოთხი თვით ადრე, მილიარდერი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. რუბენ ვარდანიანის ქონებას ამერიკული Forbes-ი $1.1 მილიარდად აფასებს.