მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუბლი მკვეთრად გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (16.12 – 23.12)

63a6c56cd46f9
ეგნატე შამუგია
26.12.22 08:00
2427
დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.685 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.661-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.89%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის 50-ე სავაჭრო კვირას 0.48%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარის რამდენიმეკვირიანი გამყარების ტენდენცია შეიცვალა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 13.05%-ითაა გამყარებული. სექტემბერში ლარის კურსი 2.25%-ით იყო გამყარებული, ხოლო ოქტომბერში კი - 2.16%-ით. გასულ თვეს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 1.79%-ით გამყარდა. დეკემბერში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.94%-ია.
 
გასულ კვირას სხვა ვალუტებიც გაუფასურდა, მაგრამ მკვეთრი გაუფასურებით რუსული რუბლი გამოირჩეოდა. თუკი წინა კვირას რუსული რუბლი 3.59%-ით იყო გაუფასურებული, გასულ კვირას რუსული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი 7.81%-ით გაუფასურდა. ერთკვირიან პერიოდში რუბლის ასეთი მკვეთრი გამყარება უკრაინაში ომის დაწების პირველ პერიოდში ახასიათებდა. ამის ორი გამოკვეთილი მიზეზი მონეტარული პოლიტიკა და რუსული ნავთობის გაიაფებაა. მიუხედავად ზედიზედ ორკვირიანი მკვეთრი გაუფასურებისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 6.38%-ით არის გამყარებული.

გარდა რუსული ვალუტისა, დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირას ბრიტანული სტერლინგი და ჩინური იუანი გაუფასურდა. გასულ კვირას ჩინური ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.24%-ით არის გაუფასურებული, ხოლო ამ პერიოდში ბრიტანული სტერლინგი 0.91%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება მეორე ევროპულ ვალუტა - ევროს, გასულ კვირას ეს უკანასკნელი 0.31%-ით გამყარებულია, მაგრამ ამ პერიოდში უფრო მაღალი, 2.88%-იანი გამყარება იაპონურ იენს ახასიათებს.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 16.12 – 23.12 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სებ-ის მიერ აუქციონის გარეშე წმინდა შესყიდვებმა 63.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ უცნობია ამ პერიოდში რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა. სექტემბერში ასეთი 42.7 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო ოქტომბერში კი - 99.4 მლნ აშშ დოლარი.

ფიგურა 2: 19.12 – 23.12-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათი მიხედვით შერჩეულ ვალუტების მერყეობა შედარებით დაბალი იყო, ვიდრე ნოემბერ-დეკემბრის საზიარო კვირას. მათ შორის, შედარებით დაბალი მერყეობა ბრიტანულ სტერლინგსაც ახასიათებდა, რომელიც ნოემბრის პერიოდში მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა. თუმცა, წინა კვირას რიგ ვალუტების შემთხვევაში მერყეობა გაიზარდა. რაც შეეხება დეკემბრის მესამე კვირას, ამ პერიოდში შერჩეული ვალუტების მერყეობა შედარებით გაზრდილია.

გასულ კვირას მაღალი მერყეობით ყველაზე მეტით გამყარებული და გაუფასურებული ვალუტები გამოირჩეოდა. ასეთები კი რუსული რუბლი და იაპონური იენი იყო. სავაჭრო კვირის მანძილზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 2.22%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 1.45% იყო. დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირას იაპონური იენის მერყეობა 1.57% იყო. ამ ორის შემდეგ, შედარებით მაღალი მერყეობით ლარი და სტერლინგი გამოირჩეოდა. კვირის მანძილზე ბრიტანული სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.54%-ით იხრებოდა, რაც ლარის შემთხვევაში 0.50% იყო. წინა კვირას ლარის მერყეობა 0.22%-ს აღწევდა. გასულ კვირას ყველაზე დაბალი, 0.02%-იანი მერყეობით უკრაინული გრივნა გამოირჩეოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 16.12/23.12(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი უმეტეს ვალუტასთან გამყარებული იყო. დეკემბრის პირველ სავაჭრო კვირის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად შეიცვალა, ხოლო მეორე კვირას ლარი, გარდა ჩინური იუანისა, სხვა დანარჩენთან გამყარებული იყო. დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირა ლარი საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსისთვის მკვეთრად განსხვავებული აღმოჩნდა. ამ პერიოდში ლარი გარდა რუბლი და სტერლინგისა, სხვებთან გაუფასურდა.

დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარი მცირედით, 0.02%-ით ბრიტანულ სტერლინგთან გამყარდა. ამ პერიოდში, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუსულ რუბლთან მიმართებით 5.19%-ით გამყარდა, რაც 3.82% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე 5.22%-ია. სხვა დანარჩენ შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით ლარი გაუფასურებულია. მათ შორის, ყველაზე, 4.23%-ით იაპონურ იენთან გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი იაპონურ ვალუტასთან 24.46%-ითაა გამყარებული. დანარჩენ ვალუტებთან კი ლარი საშუალოდ 0.73%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. დეკემბერს მესამე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, გარდა რუბლი და ბრიტანული სტერლინგისა, სხვა დანარჩენთან გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი გამყარებულია, რადგან ლარი რუბლთან მკვეთრად გამყარდა, ხოლო ინდექსში ამ უკანასკნელის წილი 14.6%-ია. გასულ კვირას ინდექსი 0.15%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.87% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 25.42%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 27.89%-ია.

დეკემბრის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 165.3-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.57%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 50-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.30% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 26.77%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 22.47% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 51-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები