მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუმინეთი და უკრაინა თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოების, მათ შორის დრონების შექმნის შესახებ შეთანხმდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიკუშორ დანი

რუმინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც რუმინეთის ტერიტორიაზე უკრაინული თავდაცვის სისტემების, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, ამ ნაბიჯის გადადგმის სურვილი თავად ოფიციალურმა ბუქარესტმა გამოთქვა. შეგახსენებთ, ბოლო თვეების განმავლობაში რუსულმა დრონებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე არაერთხელ გადაკვეთეს და როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სერიოზული საფრთხე შეუქმნეს. ცნობისთვის, უკრაინასა და რუმინეთს 650 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვთ.

სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას ოთხწლიანი ომის განმავლობაში დრონების პროგრამული უზრუნველყოფისა და მათი ქვეყნის ერთიანი თავდაცვის სისტემაში ინტეგრირების კუთხით უნიკალური გამოცდილება დაუგროვდა. თავის მხრივ, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, ამ ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსების ახალი მექანიზმი, “სეიფი” (SAFE) გამოიყენოს. თავდაცვითი მიმართულებით ერთად მუშაობის გარდა, მხარეები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ უკრაინა რუმინეთის გავლით ამერიკულ გათხევადებულ ბუნებრივ აირს მიიღებს.

ბუქარესტში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ზელენსკიმ რუმინეთში არსებული ის სამხედრო-სასწავლო ცენტრი მოინახულა, სადაც უკრაინელი პილოტები F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვას ეუფლებიან. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს, რუმინეთს, დანიას, ნიდერლანდებსა და ნორვეგიას ამ თვითმფრინავების მიწოდებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები