რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების I ტურის შედეგები გააუქმა. მიზეზი რუმინეთის უშიშროების სამსახურის გაფრთხილებაა, რომლის თანახმადაც ელექტორალურ პროცესსა და საარჩევნო კამპანიებში შეინიშნებოდა რუსული სტილის გავლენა, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი და NATO-ს კრიტიკოსი კანდიდატის სასარგებლოდ.
როგორც POLITICO-ს სტატიაშია განმარტებული, ულტრანაციონალისტი კელინ ჯეორჯესკუ დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტი იყო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო, თუმცა საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. ჯეორჯესკუ ანტიევროპული და პრორუსული კომენტარებითაც გამოირჩევა და მიიჩნევს, რომ რუმინეთმა უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა შეუწყვიტოს. უცხოური მედია რუმინეთის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჯეორჯესკუს საარჩევნო კამპანია, რომელიც მან TikTok-ის საშუალებით აწარმოვა, ჰგავდა და იმეორებდა კრემლის მიერ უკრაინასა და რუსეთში მართულ ოპერაციებს.
მას შემდეგ, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთი სარჩელი მიიღო საარჩევნო შედეგების ანულირები მოთხოვნით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სრულად გაუქმდა რუმინეთის საპრეზიდენტო ელექტორალური პროცესი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუმინეთში კვირას, 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესი აღარ შედგება.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით აირჩევს რუმინეთი ახალ პრეზიდენტს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადებამდე, წუხელ ღამით, რუმინეთის ათასობით მოქალაქემ ბუქარესტში გამართულ პროევროპულ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა. დაახლოებით 4000 ადამიანი ქალაქის მთავარ მოედანზე ევროკავშირის დროშებისა და შესაბამისი სლოგანების თანხლებით შეიკრიბა.