ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას რუმინეთში მინიმუმ 4 ადამიანი ემსხვერპლა. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმედღიანი უხვი ნალექისა და ადიდებული მდინარეების გამო ადგილობრივი უწყებები საგანგებო ვითარებისთვის ემზადებიან.
ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი ჩეხეთში, პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, გერმანიისა და ავსტრიის ზოგიერთ ნაწილში მომდევნო დღეების განმავლობაშიც.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩეხეთ-პოლონეთის საზღვრისპირა ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მდინარის კალაპოტებში წყლის დონემ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია.
რუმინეთში წყალდიდობამ რვა რეგიონი დააზიანა. გალათის რეგიონში, სადაც სტიქიად ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ძლიერმა წვიმამ 5000 სახლი დააზიანა. ძებნა-შველის სამუშაოებისთვის ადგილობრივი უწყებები Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს იყენებენ.