საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი გიორგი კაჭარავა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების პოტენციალზე საუბრობს. როგორც მან საქართველო-რუმინეთის ბიზნეს წრეების შეხვედრაზე, BMG-ის განუცხადა, ორ ქვეყანას შორის საბორნე მიმოსვლის დაწყება მნიშვნელოვან როლს თამაშობს და საჭიროა კიდევ უფრო გააქტიურება ამ მიმართულებით.
ცნობისთვის, დღეს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა (EUGBC) და საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის (GRCC) თანაორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველო-რუმინეთის ბიზნესწრეების შეხვედრა გაიმართა.
"რა თქმა უნდა, ვაჭრობა იზრდება, მიმოსვლა იზრდება, ბრუნვა იზრდება, თუმცა მეტი პოტენციალი არსებობს. ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რუმინეთს ისევე, როგორც ბულგარეთს, განვიხილავთ, როგორც პირდაპირ ხიდს ევროპისკენ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო უკვე საბორნე მიმოსვლა პირდაპირ ფოთი-კონსტანცა რუმინეთის მიმართულებით. ეს შეამცირებს რიგებს საქართველო-თურქეთის საზღვარზე.
ასევე უნდა აღინიშნოს ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა, რომელიც უკვე აქტიურია საქართველოში პირველი თებერვლიდან და აძლევს კომპანიებს საშუალებას, რომ ერთი სატრანზიტო დოკუმენტაციით და ერთი გარანტიით წაიღონ პროდუქცია 36 ქვეყანაში ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. ესენია, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, მონტენეგრო და ასე შემდეგ. ეს ამარტივებს პროცესებს. შეიძლება იყოს დამატებითი საბორნე ხაზების გახსნის მოთხოვნა. გარდა ამისა, არის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ახალი ბორნები გვეყოლება, რომლის პილოტირება უფრო ადვილია, შემცირდეს პორტში შემოსვლის ხარჯები ბორანისთვის, რისი გადახდაც სახელმწიფოს მიმართ ხდება. ეს, რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანობას გაზრდის, შეამცირებს ფასებს და ასე შემდეგ. გარდა ამისა, არის მთელი რიგი შესაძლო მიმართულებები, მათ შორის ექსპორტის გაზრდის კუთხით რუმინეთში, ტურიზმის მიმართულებით და ასე შემდეგ.
ასევე, მომავალში ძალიან პერსპექტიული უნდა იყოს ქართველი ექსპორტიორებისთვის რუმინეთში საწყობის გაკეთება, რაც, რა თქმა უნდა, გაამარტივებს მათთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის შესაძლებლობას და რუმინეთი შეიძლება გახდეს ხიდი მათთვის, რომ დისტრიბუცია მოხდეს რუმინეთიდან",- ამბობს გიორგი კაჭარავა.
ის გამოწვევებს შორის ასახელებს ტექნიკურ დეტალებს ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემასთან (NCTS) დაკავშირებით.
"დიდი ოდენობით არ არის წარმოდგენილი რუმინული კომპანიები. არის რიგი ლოგისტიკური კომპანიები და იგივე გამოწვევები აქვთ, რაც სხვა სატრანსპორტო კომპანიებს საქართველოში, მათ შორის NCTS სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ახალი მიმართულებაა და სანამ სრულად გაეშვება, არის რაღაც შეფერხებები, საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს საბაჟოებს შორის და ასე შემდეგ. NCTS-სთან მიმართებით იყო შემთხვევები, რომ გაიცა გარანტია, მაგრამ გარანტიის დაბრუნების შესაძლებლობა აღარ იყო და გაიყინა გარკვეული თანხები. ეს არის ტექნიკური დეტალები. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ახალი სისტემაა, შესაბამისად, ნელ-ნელა დამუშავდება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, მომავალში ძალიან გაამარტივებს და უკვე ამარტივებს გადაზიდვის პროცედურებს რუმინეთის და არა მხოლოდ რუმინეთის მიმართულებით",- თქვა გიორგი კაჭარავამ.




























