მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, საქართველო-რუმინეთის ბიზნესწრეების შეხვედრა იმართება - როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს რუმინეთთან?

რუმინეთი

დღეს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა (EUGBC) და საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის (EUGBC) თანაორგანიზებით, მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველო-რუმინეთის ბიზნესწრეების შეხვედრა გაიმართება. კონკრეტულად რაზე გაამახვილებენ ორი ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლები ყურადღებას, მოგვიანებით გახდება ცნობილი, მანამდე კი გთავაზობთ საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებს რიცხვებში.

ვაჭრობა

რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 188,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (134,9 მლნ აშშ დოლარი) შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება გასული წლების ჯამურ მაჩვენებლებს, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა იყო: 2024 წელს 246,9 მლნ აშშ დოლარი, 2023 წელს - 244,2 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2022 წელს - 314,7 მლნ აშშ დოლარი.

სავაჭრო ბრუნვაში მეტ წილს საქართველოში რუმინეთიდან იმპორტი იკავებს. მაგალითად, წელს რუმინეთიდან 166,8 მლნ აშშ დოლარის საქონელი შემოვიტანეთ, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 110,3 მლნ აშშ დოლარი. მთავარი პროდუქტი, რაც რუმინეთიდან შემოგვაქვს ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. უფრო მეტიც, რუსეთის შემდეგ ნავთობის იმპორტით რუმინეთი მეორე ადგილზეა.

TOP-10 საიმპორტო საქონელი რუმინეთიდან (2025 წლის იანვარ-ივლისის მონაცემები):

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 132,6 მლნ აშშ დოლარი
  2. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 6,1 მლნ აშშ დოლარი
  3. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 3,6 მლნ აშშ დოლარი
  4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2,2 მლნ აშშ დოლარი
  5. მსუბუქი ავტომობილები - 1,889 მლნ აშშ დოლარი
  6. ცისტერნები, კასრები, დოლები, ქილები, ყუთები და ალუმინის ანალოგიური ტევადობები - 1,886 მლნ აშშ დოლარი
  7. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 1,4 მლნ აშშ დოლარი
  8. საფრენი აპარატების ნაწილები - 1,2 მლნ აშშ დოლარი
  9. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 1,086 მლნ აშშ დოლარი
  10. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 1,076 მლნ აშშ დოლარი

რაც შეეხება ექსპორტს, წელს კლება ფიქსირდება. 2025 წლის იანვარ-ივლისში რუმინეთში 21,9 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიტანეთ ექსპორტზე, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მოცულობამ 24,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუმინეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სასუქებია.

TOP-10 საექსპორტო საქონელი რუმინეთში (2025 წლის იანვარ-ივლისის მონაცემები):

  1. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 16,8 მლნ აშშ დოლარი
  2. ფეროშენადნობები - 3 მლნ აშშ დოლარი
  3. საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 477 300 აშშ დოლარი
  4. ცოცხები და ჯაგრისები - 171 700 აშშ დოლარი
  5. მანქანები და მოწყობილობები აწევის, ჩატვირთვის ან გადმოტვირთვისათვის, სხვა - 149 200 აშშ დოლარი
  6. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 134 800 აშშ დოლარი
  7. ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 127 600 აშშ დოლარი
  8. მანქანები და აპარატები ელექტრული შედუღებისათვის - 114 800 აშშ დოლარი
  9. მსუბუქი ავტომობილები - 89 100 აშშ დოლარი
  10. მინერალური და მტკნარი წყლები - 67 200 აშშ დოლარი

FDI

რუმინეთიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირეა. გასულ წელს ამ ქვეყნიდან საქართველოში მხოლოდ 520 000 აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, 2023 წელს კი - 450 000 აშშ დოლარის. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ 143 100 აშშ დოლარის რუმინული FDI ფიქსირდება.

ტურიზმი

რუმინეთიდან ტურიზმის რიცხვებიც უმნიშვნელოა, თუმცა წელს ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის I-II კვარტალში ამ ევროპული ქვეყნიდან მხოლოდ 3 860 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასულ წელს ჯამში 8,246 ვიზიტორი შემოვიდა რუმინეთიდან, 2023 წელს ჯამში კი - 6,545.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები