2022 წლის თებერვალში რუსული ძალების უკრაინაში შეჭრის შედეგად, ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა თავიანთი ტურნირებიდან ყველა რუსული კლუბი თუ ასაკობრივი ნაკრები მოკვეთა.
სულ ცოტა ხნის წინ UEFA-ს პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინს ჰქონდა მცდელობა რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები ნეიტრალური დროშის ქვეშ დაეშვა, თუმცა 15 ქვეყნის საფეხბურთო ასოციაცია შეეწინააღმდეგა, რის გამოც ამ საკითხის კენჭისყრის პროცედურული ნაწილიც კი არ დამდგარა დღის წესრიგში.
UEFA რუსი ფეხბურთელების დაბრუნების საკითხს გასულ წელსაც განიხილავდა, თუმცა ამ ინიციატივას დიდი კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა. ძალიან ბევრ ევროპულ ასოციაციას ამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული პროცედურებიც არ მოეწონათ.
შეგახსენებთ, რომ უეფაში 2023 წლის 26 სექტემბერს გადაწყვიტეს, რომ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე დაეშვათ. ამ გადაწყვეტილებას პროტესტი გამოუცხადა უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ, მასთან ერთად კი ინგლისმა, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, შვედეთმა და დანიამ, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსებთან თამაშს არ აპირებდნენ. საბოლოოდ ჩეფერინს, ისევე როგორც ახლა, ამ ინიციატივის უკან გაწვევა მოუწია.