"ძალიან გამიჭირდება, სახელი დავარქვა, ან ეკონომიკური პოლიტიკა ვუწოდო იმას, რაც ღარიბაშვილის დროს იყო," - ასე აფასებს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკურ პოლიტიკას.
მისი თქმით, ერთადერთი დასამახსოვრებელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, რაშიც ღარიბაშვილის როლი, მხოლოდ რუსებისთვის ,,კარის ფართოდ გახსნაა". ეკონომისტი ასევე იხსენებს აზარტული თამაშების შემზღუდავ კანონს, რის შემდეგაც, აზარტული თამაშების სექტორი გაიზარდა.
"ძალიან გამიჭირდება, სახელი დავარქვა, ან ეკონომიკური პოლიტიკა ვუწოდო იმას, რაც ღარიბაშვილის დროს იყო. მართლა ძალიან რთულია. იყო, რაღაც ფაქტორები, რამაც გამოიწვია ეკონომიკური ზრდა 2 წელი ზედიზედ და ისტორიაში ეს შევა. ასეთი, არასოდეს არაფერი გვქონია, მაგრამ აქ ღარიბაშვილის, ან მისი ეკონომიკური გუნდის დამსახურება რა არის არ ვიცი. გარდა იმისა, რომ რუსებს გაუღეს ფართოდ კარები. ამის დამსახურება ნამდვილად იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ამან გაზარდა ფასებიც. ასევე, როგორი იქნება ეფექტი გრძელვადიან პერიოდში, ჯერ კიდევ არ ვიცით. რუსების ნაწილმა ქვეყანა დატოვა, მაგრამ გაზრდილი ფასები დაგვრჩა.
პოლიტიკების დონეზე, არ ვიცი რა უნდა გავიხსენო. იყო გეგმები, რომელიც განხილვაც არასერიოზულია. ასევე, მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებები იყო არაკომპეტენტურობის მაგალითი. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა ვერასდროს პრემიერის განცხადებებიც. ალბათ, დაგვამახსოვრდება სპონტანური გადაწყვეტილებები, რომელიც მთავრობის სხდომაზე ანონსდებოდა პოპულისტური მესიჯებით შეფუთული და მერე, ამის მუდმივი ,,გაპრავება" უწევდათ ფინანსთა მინისტრის მოადგილეებს, ან სხვა მინისტრებს. ამის მაგალითი იყო სათამაშო ბიზნესის შემზღუდავი კანონი, რომლის შემდეგაც ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა, თუმცა შეიზღუდა რეკლამა მედიაში და მედიას მოაკლდა შემოსავალი. საბოლოო მიზანი სწორედ ეს იყო. პოპულისტურად ესეც სხვანაირად შეიფუთა", - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.
მისივე თქმით, იყო რამდენიმე ასეთი სპონტანური ნაბიჯი ეკონომიკური მიმართულებით, რასაც ეკონომიკურ პოლიტიკასა და ქვეყნის განვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეკონომისტი ასევე გამოყოფს ბიზნესთან ურთიერთობის ხისტ ფორმებს და ღარიბაშვილის ელიტარულ კორუფციასთან აფილირების ფაქტებს.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დღეს დატოვა, - ამის შესახებ, მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდება.