მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსებმა შემოიტანეს ვალუტა და შექმნეს ახალი ბაზარი, რაც საკმაოდ სახიფათოა - პრეზიდენტის სიტყვით მიმართვა d'Aix-en-Provence-ის ეკონომიკური ფორუმზე

64a85f2682875
BM.GE
07.07.23 22:45
713
საქართველოს პრეზიდენტმა Rencontres Économiques d'Aix-en-Provence-ის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საფრანგეთში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მონაწილეობდა, საქართველოს პრეზიდენტი ონლაინ ჩაერთო.

პრეზიდენტმა მოდერატორის, ,,ფრანს ინფოს“ ეკონომიკისა და სოციალური სამსახურის უფროსის, იზაბელ რეიმონდისა და მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც უკრაინის ომის მიმდინარეობისას ევროპის რეგიონში ეკონომიკის მდგრადობის საკითხებს ეხებოდა.

,,არავინ ელოდა ასეთ სიტუაციას, მაგრამ ევროპა არ დაყოფილა, არც ეკონომიკურად და არც სოციალურად, არ გატეხილა უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული შოკის გამო.

Guardian-ში გერმანიის ეკონომიკის მინისტრი საუბრობდა თუ რამდენად შეიცვალა გერმანია, განსაკუთრებით, ენერგეტიკული მოცემულობის კუთხით, თუმცა ამასთანავე სამხედრო კუთხითაც, ის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა, რომელიც სამხედრო კუთხით მხარს უჭერს უკრაინას. მინისტრი ამბობს, რომ რეალურად ომმა უკრაინაში გერმანია აიძულა რომ სხვანაირად დაეწყო ფიქრი გარე სამყაროზე.

ეს ჩვენთვის, გარეთ მყოფებისთვის, რომლებიც ევროპისკენ ვიყურებით და ველით ევროპას, ხელახლა შექმნილი დიდი იმედია. ეს ევროპა განსხვავებულია, ერთიანია, სწორად ხედავს - მან დაინახა რეალურად რას წარმოადგენს რუსეთი, რა იყო რუსული იმპერიალიზმი, და ახლა პირდაპირ უყურებს ამ საფრთხეს, რასაც ის წარმოადგენს, ვარდისფერი სათვალეების გარეშე, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანას ეკეთა უკრაინაში ამ საშინელ ომამდე.

დღეს ჩვენ ვხედავთ ერთიან და მტკიცე ევროპას. პრეზიდენტი პუტინი ვერასდროს იფიქრებდა, რომ ევროპა ასე კარგად შეძლებდა ერთიანობის შენარჩუნებას.

მრავალი პროგნოზი გაკეთდა, რომ ზამთარი ძალიან მძიმე იქნებოდა, დღეს ამბობენ, რომ მომდევნო ზამთარი იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ რეალურად, ევროპამ უკვე აჩვენა, რომ ძალა შეინარჩუნა და შეინარჩუნებს. ასევე ვხედავთ, ძლიერი ევროპის პერსპექტივის ხელახლა გახსნას, რომელიც დიდი ხანია არ გვინახავს და რასაც ველოდებით, ეს თავდაცვითი ევროპაა. ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის წარმოჩენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენთვის, ვინც ჯერ კიდევ ამ ევროპული ერთობის გარეთაა, რადგან უსაფრთხოების მოლოდინი ისაა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს მიდგომას.

საქართველოსთვის, რომელიც ამ ერთობის გარეთაა, (თავის მხრივ, გაუძლო ეკონომიკურ ზეწოლას, ჩვენ შედარებით განსხვავებული ეკონომიკური ზეწოლა გვაქვს) ეკონომიკური მდგრადობა რუსების შემოდინებასთანაა დაკავშირებული, რომლებმაც შემოიტანეს ვალუტა და ასე რომ ვთქვათ, შექმნეს ახალი ბაზარი. ეს საკმაოდ სახიფათოა, რადგან ეს დამოკიდებულების ერთ-ერთი ახალი ფორმაა და განსხვავებული, რომელიც საყურადღებოა. ეს არ არის ერთადერთი რისკი, რომელიც ჩვენს წინაშეა.

თქვენ იცით, რომ საქართველოს გამოვლილი აქვს ორი ომი რუსეთთან, ბოლო 2008 წელს, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ნათელია რუსეთის პირდაპირი ზეწოლა. ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა გასულ წელს მინიჭებული ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, იმ რეალობაში, როცა დღეს რუსეთი ცდილობს, რომ ომი, რომელსაც ის უკრაინაში აგებს ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე.

კითხვაზე: არის თუ არა ევროკავშირის წევრობა უსაფრთხოების სინონიმი, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ,,ეს ნათელია:- ევროკავშირის წევრობა უსაფრთხოებაა, მაგრამ ეს ასევე საერთო ღირებულებებია, კეთილდღეობაა, სოციალური წესია, რაც ცვლის საზოგადოებას, რაც იძლევა მისი ადაპტირების და მოდერნიზების შესაძლებლობას.

ვფიქრობ, რომ იმედის აღორძინება, გაფართოების აღორძინებაცაა, რომელიც გარკვეული დროით შეჩერებული იყო. და ევროპა, რომელიც წყვეტს გაფართოებას, რომელიც თავის საზღვრებზე თავისივე მოლოდინებზე რეაგირებას წყვეტს - არის დახურული ევროპა და ნაკლებად დინამიური. რეალურად, ჩვენ თქვენი ახალი საზღვარი ვართ, რადგან შავი ზღვა ახალი რეალური საზღვარია. ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირი და ნატო შავი ზღვისათვის სტრატეგიებზე მუშაობენ, რომელიც პირველ რიგში, უსაფრთხოების ზღვა უნდა იყოს, როცა ვხედავთ ომს უკრაინაში და იმ შედეგებს, რაც ამ ომს შავი ზღვისთვის მოაქვს უსაფრთხოებისა და ექსპორტის კუთხით - ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დღეს თურქეთშია მარცვლეულის ექსპორტის განსახილველად.

ამასთანავე, შავ ზღვაში ვნახეთ რუსული ნაღმები, რომლებიც ბულგარეთამდე და რუმინეთამდე მივიდა. შესაბამისად, შავი ზღვა უდიდესი მნიშვნელობისაა, ეს არის ზღვა, რომელიც დღეს გვაკავშირებს, რომელიც უკვე შევიდა ევროპის სივრცეში. კავკასიის მხრივ - ევროპის საყრდენი კავკასიაში საქართველოა, მაგრამ ისიც ყურადსაღებია, რომ სომხეთი დააკვირდება თუ როგორ განვითარდება საქართველოს საკითხი, რადგან ეს მისთვისაც მოდელი გახდება, ეს ერთადერთი პერსპექტივაა და აღსანიშნავია, რომ შეხვედრა, რომელსაც შარლ მიშელი ჩვენს ორ მეზობელთან აორგანიზებს აჩვენებს, რომ ევროკავშირმა აიღო ჩირაღდანი, რომლის სრულ კონტროლსაც რუსეთი ცდილობდა, სწორედ ამიტომ ხდებოდა მშვიდობის მიღწევა უფრო და უფრო შორეული, რუსეთი მოჩვენებითად თითქოს აგვარებდა კონფლიქტს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ეს კარგი სიახლეა, რომ ევროპა ჩაერთო. კარგი სიახლეა, რომ საქართველოს საოკუპაციო ზოლთან სადამკვირვებლო მისიის შემდეგ, უკვე სომხეთშიც არის სადამკვირვებლო მისია, რომელიც აკვირდება და გარკვეულწილად უსაფრთხოებას უქმნის საზღვარს. ეს ის საკითხებია, რასაც რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროპელი სამხედროები, არა სამხედრო ფუნქციით, არამედ სადამკვირვებლო ფუნქციით, კავკასიის მიწაზე იქნებოდნენ. ამის გარდა, არის ცენტრალური აზია, რომელიც უფრო და უფრო ევროპისკენ იყურება, სადაც ენერგორეზერვებია, მაგალითად კავშირებადობის კაბელი, რომელიც ევროპასთან ერთად განვავითარეთ შავი ზღვის გავლით, ცენტრალური აზიის ქვეყნები ასევე იწყებენ ფიქრს, კასპიის ზღვის კაბელზე. ესაა ევროპის ახალი, რეალური საზღვარი, რომელიც ასევე დემოკრატიული და სტაბილიზებული საზღვარი უნდა იყოს.

ეს ასევე იქნება ახალი საზღვარი. გამოწვევა და იმედი [უკრაინაში მიმდინარე ომის, რომელიც დღეს უკვე უკრაინის მიერაა მოგებული, რადგან რუსეთმა წელიწადნახევარია ვერ შეძლო მისი მოგება] ისაა, რომ ვიხილოთ ევროპის მიერ აღმშენებლობა ტოტალიტარული რეჟიმებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე“. 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები