შვეიცარიაში ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისისგან სხვა საკითხებთან ერთად, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ისევ მოითხოვა.
ამასთან, რუსებს, აფხაზებსა და ოსებს კვლავ სურთ, ჟენევის ფორმატი სხვა ქალაქში გადაიტანონ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის განცხადებით, ინიციატივაზე კონსენსუსი ჯერ არ არის.
"ტრანსფერის საკითხი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატს უარვყოფთ. ფორმატი, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს, მიუხედავად იმისა, სად იმართება მისი შეხვედრები. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც პირდაპირი თანაბარი უფლებების დიალოგია ერთი მხრივ, თბილისს და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის", - განაცხადა მან.
რუს დიპლომატს ქალაქი არ დაუკონკრეტებია, სად სურს რუსეთს ფორმატის გაგრძელება. რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ბაქო და მინსკი განიხილება.