რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილის დმიტრი ვოლვაჩის განცხადებით, რუსეთსა და [ოკუპირებულ] აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმებამ ინვესტორების უფლებები და კაპიტალი უნდა დაიცვას. ამის შესახებ მან რუსულ მედია Tass-თან საუბრისას განაცხადა.
გამოცემა წერს, რომ მანამდე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი და აფხაზეთი საინვესტიციო შეთანხმებას გადახედავენ, რითაც მოსახლეობის და ოკუპირებული ტერიტორიის ბიზნესის ინტერესები იქნება დაბალანსებული.
„რაც შეეხება საინვესტიციო შეთანხმებას, ნებისმიერი უცხოური ინვესტიციები დაცული უნდა იყოს. ჩვენ 90-იანი წლებიდან აფხაზეთთან გვაქვს შეთანხმება ინვესტიციებისა და კაპიტალდაბანდების დაცვის შესახებ. მასზე დაყრდნობით, ასევე ცალკეულ პროექტებზე ორმხრივი მთავრობათშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობით, [ოკუპირებულ აფხაზეთში] რესპუბლიკაში რიგი მსხვილი პროექტები ხორციელდება, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ არ ყოფილა, ამასთან, ისინი არამხოლოდ რუსული სახლმწიფო კაპიტალის, არამედ კერძო ინვესტიციებით ხორციელდება“, - განაცხადა ვოლვაჩმა და აღნიშნა, რომ რუსული ინვესტიციების დაცვის ფორმები აფხაზ პარტნიორებთან ერთად მოიძებნება. რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ინვესტორების მიზიდვაც მოხდება.
მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მსხვილი რუსული ინვესტიცია ბოლო პერიოდში სოხუმის აეროპორტში ჩაიდო, რამაც 400 სამუშაო ადგილი შექმნა.




























