“რუსეთის რკინიგზის” განცხადებით, რუსეთ-ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის $10-მილიარდიანი პროექტი, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის წახალისებაა, სულ მცირე 2026-2027 წლამდე გადაიდო. კომპანიის გენერალური დირექტორის, ანდრეი მაკაროვის თქმით, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ “რუსეთის რკინიგზას” შესაბამისი ფინანსური რესურსი არ აქვს.
“რუსეთის რკინიგზის” საბიუჯეტო დეფიციტი იმდენად საგანგაშოა, რომ შეზღუდვები, შესაძლოა, სხვა პროექტებზეც დაწესდეს, მათ შორის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანზე და რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქების სარკინიგზო ხაზების რეაბილიტაციაზე. არადა, რკინიგზის კონტრაქტორები ამ რეგიონებში ყველაზე დიდი მოცულობით სახელმწიფო გადასახადებს იხდიან, ანუ ბიზნესის გაჩერება ამურის და ხაბაროვსკის ოლქების სოციალურ ცხოვრებაზეც აისახება.
მიმდინარე წელს, “რუსეთის რკინიგზის” საინვესტიციო პროგრამა დაახლოებით მესამედით, ანუ ერთბაშად $16.5 მილიარდით შემცირდა, მაგრამ კონკრეტული პროექტების შემთხვევაში საბიუჯეტო კლება იმდენად შთამბეჭდავია, რომ ისინი, სავარაუდოდ, დიდი ხნით გადაიწევს. ბიუჯეტის შემცირების მთავარი მიზანი კაპიტალის გაზრდილი ღირებულებაა, რაც ქვეყანაში არსებული 20%-იანი რეფინანსირების განაკვეთით აიხსნება.
საკრედიტო ვალდებულებების მომსახურებაში “რუსეთის რკინიგზა” წელს $8.7 მილიარდს გადაიხდის, რაც კომპანიის შემოსავლის მეოთხედია. თავად ეს ხარჯი წლიურად 6-ჯერაა გაზრდილი, რაც იმით აიხსნება, რომ ბიუჯეტი 16%-იან განაკვეთზე იყო დაგეგმილი, მაგრამ მზარდი ინფლაციის ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა მოსალოდნელზე გაცილებით მკაცრი პოლიტიკა გაატარა. პარალელურად, რუსეთის ფედერაციაში სარკინიგზო გადაზიდვები იკლებს.




























