რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამერიკის ძალისხმევით ცხრათვიანი პაუზის შემდეგ აბუ-დაბიში გამართულმა მორიგმა შეხვედრების რაუნდმა შედეგი ამჯერადაც ვერ გამოიღო. მხარეებმა ვერც ცეცხლის შეწყვეტაზე და ვერც ტერიტორიულ საკითხებზე პოზიციები ვერ დააახლოვეს.
თუმცა მცირედ შედეგს მაინც მიაღწიეს. რაზე შეთანხმდნენ დელეგაციები და რაზე ვერ, რა ბედი ელის სამშვიდობო მოლაპარაკებებს?
რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები?
მართალია, მოლაპარაკებები ხელშესახები შედეგით არ დასრულებულა, თუმცა ანალიტიკოსებისთვის მოცემულობა გასაკვირი არ ყოფილა, რადგან უშუალოდ პუტინის, ზელენკისა და ტრამპის გარეშე უმნიშვნელოვანესი ცვლილებების მოლოდინი არ არსებობდა. თუმცა რთულია იმის თქმაც, რომ აბუ-დაბიში დიპლომატებმა დრო რაღაცის მისაღწევად მაინც ვერ გამოიყენეს.
გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების ხელშესახები შედეგი ტყვეთა მასშტაბური გაცვლის შესახებ მიღწეული პრინციპული შეთანხმება გახდა. როგორც გაირკვა, რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს 1,000-დან 1,500-მდე სამხედრო ტყვეს გადასცემენ, რასაც დონალდ ტრამპის სიძემ და აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა, ამ ომის ყველაზე დიდი ჰუმანიტარული შედეგი უწოდა.
რა საკითხებმა გააჭიანურა შეთანხმების მიღწევა?
როგორც მედია წერს, მოლაპარაკებების მაგიდაზე 3 ძირითადი და ამ დრომდე გადაუჭრელი საკითხი იდო. დღის წესრიგი მოიცავდა: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ტერიტორიულ საკითხებს და ომის შემდგომ უსაფრთხოების არქიტექტურას როგორც უკრაინის, ისე ევროპისთვის.
მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას და ითხოვდა, რომ კიევს დონბასის ის ნაწილიც დათმო, რომელსაც რუსული არმია სამხედრო გზით დღემდე ვერ იკავებს. მეტიც, კრემლი მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის გადაწერას და აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლური ძალების გაყვანას ითხოვდა.
მეორე მხრივ, უკრაინისა და ევროპის პოზიცია იყო, რომ ჯერ ცეცხლი უნდა შეწყდეს სრულად, შემდეგ კი უსაფრთხოების საკითხებზე ნებისმიერი დისკუსია იქნება შესაძლებელი. კიევმა გააფრთხილა დასავლელი მოკავშირეები და მომლაპარაკებლები, რომ არ დაეშვათ იალტის სამიტის ისტორიის განმეორება, ანუ არ მიეცათ არავისთვის უფლება, რომ გავლენის სფეროები უკრაინის ზურგს უკან გადანაწილებულიყო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებამდევე თქვა, რომ ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უმაღლეს, ლიდერების დონეზე შეიძლება გადაწყდეს. ამასთან, კიევმა რეალური გარანტიებიც მოითხოვა. კერძოდ, მინიმუმ 10-წლიანი ფინანსური მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ 800,000-კაციანი არმიის შენახვა შეძლოს და პოტენციური რუსული აგრესიის შეკავება მოახერხოს.
როგორია მოლოდინები მომავალი მოლაპარაკებების მიმართ?
იმ ფონზე, რომ აბუ დაბიში გამართული მორიგი სამმხრივი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ანალიტიკოსების ნაწილი მსგავსი დიპლომატიური მცდელობების პერსპექტივას ვეღარ ხედავს. თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრამ უკვე სერიოზულად გააჩინა 3 ლიდერის, დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირი შეხვედრის ჩანიშვნის საჭიროება.
ამჟამად რაც ვიცით ის არის, რომ ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვში მიფრინავენ და ხუთშაბათს ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან, იქიდან კი პირდაპირ დუბლინში გაფრინდებიან, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ მოლაპარაკებებს.
დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილი მოელის, რომ ტრამპის წარმომადგენლების ამ მოულოდნელად გაჟღერებული ინიციატივის მიზანი სწორედ იმის დადგენაა, რამდენად არის შესაძლებელი 3-მხრივი შეხვედრის ორგანიზება.
თუმცა ამჟამად არაფრის თქმა დანამდვილებით არ არის შესაძლებელი. ომი კი გრძელდება და იბომბება როგორც უკრაინული, ისე რუსული პოზიციები.
























