უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე კვირას გაგრძელდება. კერძოდ 4-5 თებერვალს მხარეები ისევ არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში შეიკრიბებიან.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, როგორც მოლაპარაკებებში ჩართული პირების ვინაობა, ისე განსახილველი საკითხები ყველა მონაწილისთვის ცნობილია, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, დაგეგმილი შეხვედრა გადაიდოს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ყველაზე პრობლემურ თემად რჩება, თუ რა ბედი ეწევა დონბასის რეგიონს. ერთი მხრივ, რუსული მხარე ითხოვს, უკრაინულმა მხარემ დატოვოს ის ტერიტორიაც, რომელიც ჯერ არ დაუკარგავს და ის მშვიდობის სანაცვლოდ მთლიანად გადააბაროს რუსეთს. მეორე მხრივ კი, ოფიციალური კიევი წინააღმდეგია, უომრად დათმოს საკუთარი მიწა. კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინას არჩევანი არ აქვს, რადგან რუსული არმია აღნიშნულ ტერიტორიას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს, ამიტომ, უმჯობესია, დათმობაზე წავიდნენ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მეორე რაუნდი გაცილებით ნაყოფიერი იქნება და ის ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ომის დასრულებას მოაახლოებს.
“ჩვენ გვსურს ომის ნამდვილად, ღირსეულად დასრულება” - დაწერა უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი კვირას უნდა დაწყებულიყო, თუმცა გასულ შაბათს ამერიკის შეერთებულ შტატებს ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი, კირილ დიმიტრევი ეწვია და პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც დიპლომატიური პროცესის რამდენიმე დღით გადავადება გადაწყდა. არცერთ მხარეს შეხვედრის შედეგებზე ოფიციალურად არ უსაუბრია, თუმცა, სავარაუდოა, რომ განხილვის საგანი ომის შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო. როგორც ცნობილია, ამ მხრივ ტრამპს ინტერესი არაერთხელ გამოუხატავს. კირილ დიმიტრევი კი რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი და პუტინის წარმომადგენელია ეკონომიკურ საკითხებში.




























