თეთრ სახლში გამართული ისტორიული სამიტის ფონზე ევროპული აქციები გაიზარდა. ინვესტორებს იმედის საფუძველი დადებითად წარმართულმა შეხვედრამ და რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო შეთანხმების პერსპექტივამ მისცა.
STOXX 600-ის ინდექსი 0.3%-ით გაიზარდა. იგივე ტენდენცია შენარჩუნდა სხვა რეგიონულ საფონდო ბირჟებზეც.
სამაგიეროდ, თავდაცვის ინდუსტრიის ევროპული გიგანტების აქციების ფასები მკვეთრად დაეცა. გერმანული Renk Group-ის, Rheinmetall-ისა და Hensoldt-ის, ასევე ნორვეგიული Kongsberg-ის, იტალიური Leonardo-ს და ბრიტანული კომპანიების, BAE System-ისა და Babcock International-ის აქციები 2%-დან 6%-მდე შემცირდა. შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ინვესტორები შიშობენ, რომ სამხედრო შეიარაღებაზე მოთხოვნა შემცირდება.
გეოპოლიტიკური საფრთხეების შესაძლო გაქრობის ფონზე, გაიზარდა სავაჭრო სექტორის ლიდერებისა და ძვირად ღირებული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები. იტალიური Moncler-ისა და ბრიტანული Burberry-ის აქციები ერთბაშად 3%-ით გაიზარდა. 5%-იანი ზრდა დააფიქსირა ტანსაცმლის კიდევ ერთმა ბრიტანულმა ბრენდმა, JD Sports-მა.




























