რუსეთში მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლში სურსათის ფასების მონიტორინგი დაიწყება. შესაბამის კანონს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. დოკუმენტი ძალაში 2027 წლის პირველი იანვრიდან შევა.
რუსული მედიის ცნობით, კანონის თანახმად, მთავრობა განსაზღვრავს უწყებების ჩამონათვალს, რომლებსაც უფლება ექნებათ ფედერალური საგადასახადო სამსახურისგან (ФНС) მოითხოვონ მონაცემები იმ კომპანიებისა და მეწარმეების შესახებ, რომლებიც სურსათით ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროში საქმიანობენ.
„მონიტორინგს დაექვემდებარება ის საქონელი და მომსახურება, რომელსაც „როსსტატი“ ინფლაციის გამოთვლისას იყენებს. უწყებები შეძლებენ მიიღონ მონაცემები რეალიზაციის მოცულობის, შემოსავლების, ხარჯებისა და ბაზრის მონაწილეთა მოგების შესახებ, ასევე ინფორმაცია მიწოდების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე არსებული ფასების თაობაზე. მონაცემები გამოყენებული იქნება ფასების დინამიკის ანალიზისა და მათი მკვეთრი ზრდის მიზეზების გამოვლენისთვის. ამასთან, ეს ინფორმაცია გაჟღერებას (გამჟღავნებას) არ ექვემდებარება, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა“, - წერს რუსული მედია.
24 ივლისს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 6–7%-მდე გაზარდა (ივნისში მარეგულირებელი 4,5-5%-ს ელოდა). ცენტრალურ ბანკში ელიან, რომ 2027 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლებს დაუბრუნდება.
„ბოლო თვეების განმავლობაში ფასების დინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ვოლატილურმა პოზიციებმა იქონია. მათ შორის - საავტომობილო საწვავმა და ხილ-ბოსტნეულმა. სტაბილური ინფლაციის შეფასება წლიურ გაანგარიშებაში 4-5%-ის ფარგლებში რჩება“, - აცხადებნენ რუსეთის ცენტრალურ ბანკში.
27 ივლისს პუტინმა ქვეყანაში ინფლაციის დაჩქარების რისკების შესახებ განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ეკონომიკური სისტემა მდგრადია. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთი, სხვა განვითარებული ეკონომიკებისგან განსხვავებით, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს - ჩინეთის, აშშ-ის და ინდოეთის შემდეგ, ხოლო ევროპაში პირველს, ეკონომიკური ზრდის ტემპით კი ევროკავშირს უსწრებს.




























