მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი 30 წლით უკან დაიხევს – “ბიუბიუს” დამფუძნებელი

6224f53746c7a
სალომე მეცხვარიშვილი
06.03.22 21:52
1551
რუსეთი 30 წლით უკან დაიხევს – აღნიშნული განცხადება “ბიუბიუს” დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ გადაცემა “Forbes კვირაში” გააკეთა. ასე ეხმაურება ის დასავლეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ასევე საერთაშორისო კომპანიების გადაწყვეტილებას – დატოვონ რუსეთი.

ბიზნესმენის თქმით, რუსმა ხალხმა უკვე იგრძნო უკანსვლა. რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ უმრავლეს შემთხვევაში რუსეთი ნედლეულის იმპორტს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ადგილზე მხოლოდ ფუთავს პროდუქციას, ამის მიუხედავად პროდუქტებს აწერია, რომ “დამზადებულია რუსეთში”.

რევაზ ვაშაკიძის ინფორმაციით, მსგავსად აწარმოებს რუსეთი მედიკამენტებს, რომლის დეფიციტიც მოსკოვში, მისი თქმით, უკვე შეიქმნა.

“მე საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდი რუსეთში და წარმოებით ვიყავი დაკავებული, უკვე დაახლოებით 3 ადამიანი დამიკავშირდა მოსკოვიდან და მითხრა, რომ რუსეთში წამლის დეფიციტი დაიწყო” ,– ამბობს ვაშაკიძე და განმარტავს, რომ საუბარია ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების წამლებზე, რომელთა მიწოდებაც მას ევროპიდან სთხოვეს.

მისივე განცხადებით, იგივე მდგომარეობაა პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მიმართულებით, რადგან საბაზისო წარმოება არ არსებობს.

“ასევე, მეფრინველეობის ინდუსტრიული ჯიშები, რომელსაც რუსეთში იყენებენ, ისიც დასავლეთში იწარმოება”,– აცხადებს რევაზ ვაშაკიძე. აღნიშნულიდან გამომდინარე ბიზნესმენი ამბობს, რომ რუსეთს არსებული სანქციების ფონზე ძალიან გაუჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები