Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთმა რომლის საავიაციო სექტორიც 2022 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო სანქციების ქვეშაა, აშშ-ს სთხოვა, რუსეთში სანქციების დაწესების შემდეგ დარჩენილი და ფაქტობრივად მისაკუთრებული თვითმფრინავები იურიდიულად რუსეთის საკუთრებაში გადავიდეს. აღნიშნული შესაძლებელია დაფინანსდეს რუსეთის გაყინული იმ აქტივებით, რომლებიც ომის დაწყებისას აშშ-ში იყო განთავსებული. Bloomberg-ის თანახმად, ეს თანხა $5 მილიარდ დოლარამდეა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ აშშ-ში გაგზავნილი მოთხოვნა ქვეყნის წამყვანი ავიაკომპანიისთვის Aeroflot-ისთვის ფინანსური სანქციების მოხსნასაც ითვალისწინებს.
საქმე ის არის, რომ ჩინეთის მთავრობამ ამერიკული Boeing-ის წარმოების თვითმფრინავების და საავიაციო მოწყობილობების შესყიდვა აკრძალა. როგორც ცნობილია, ბრძანება ყველა იმ ჩინურ ავიაკომპანიას მიუვიდა, რომელიც ფლოტში Boeing-ის თვითმფრინავებს აერთიანებდა.
რუსული ავიაკომპანიები ომის დაწყების დროს 400-მდე უცხოურ ხომალდს იყენებდნენ, რომელთა უმეტესობაც საერთაშორისო სალიზინგო კომპანიებისგან იყო მრავალწლიანი ლიზინგით აღებული, თუმცა რუსეთმა ეს ხომალდები ფაქტობრივად დაისაკუთრა, რის გამოც სალიზინგო კომპანიებმა სასამართლო დავები დაიწყეს.
დეტალური ინფორმაცია თუ რამდენი ამერიკული თვითმფრინავის შესყიდვა შეიძლება დაფინანსდეს თუკი აშშ ამ გარიგებას დათანხმდება უცნობია.
რუსული ავიაკომპანიები ამჟამად ევროპული სანქციების ქვეშაც იმყოფებიან. არცერთ რუსულ ავიაკომპანიას არ აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება. ამასთან, რუსულ ავიაკომპანიებზე ფინანსური სანქციებიც აქვთ დაწესებული.
ევროკავშირის სანქციების საპირისპიროდ, რუსეთმა ევროპულ ავიაკომპანიებს რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა, რის გამოც აღნიშნული ავიახაზები ევროკავშირსა და აზიას შორის ფრენებს რუსეთის შემოვლით ახორციელებენ, რის გამოც ამ რეისების ხანგრძლივობა გაზრდილია.




























