რუსეთი აცხადებს, რომ თურქეთის დახმარებით 1 მლნ ტონა მარცვლეულის აფრიკაში ექსპორტი სურს. კერძოდ, რუსეთი გეგმავს, კატარის ფინანსური დახმარებით აფრიკის ქვეყნებს მარცვლეული შედარებით იაფად მიაწოდოს.
რუსული მხარე ამბობს, რომ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სურსათის დეფიციტია, მარცვლეულს უფასოდ ან უკრაინის მიერ შეთავაზებულ თანხაზე ბევრად ნაკლებ ფასად მიწოდება შეუძლია.
“შეთანხმება მიღწეულია და ველით, რომ უახლოეს მომავალში სამუშაო პროცესი დაიწყება ყველა მხარესთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტექნიკური ასპექტები”, - უთხრა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ ალექსანდ გრუშომ.
როგორც Reuters წერს, ამ დროისთვის ამ პროცესში თურქეთის როლი ჯერჯერობით ნათელი არ არის. მოსკოვმა დატოვა შავი ზღვის ნავსადგურებიდან მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება, რომელიც ერთ-ერთი მონაწილე თურქეთიც იყო.
კერძოდ, უკრაინამ და რუსეთმა 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ, რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა.
რუსეთი შეთანხმების სანაცვლოდ ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას და Россельхозбанк-ის საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას ითხოვდა.