მოსკოვი და სოხუმი აგრძელებენ ყველა არსებული თემის განხილვას, რომელთა შორისაა საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმება და აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
„ამ დოკუმენტის საკითხი [მთავრობათშორის შეთანხმება რუსეთის იურიდიულ პირებს ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ], რომელიც შემუშავებული იყო, ამ დოკუმენტზე აფხაზეთის [დე ფაქტო] პარლამენტისა რეაქცია და სხვა საკითხები, რომლებიც აფხაზეთის მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული ჩვენი დახმარების გაგრძელებით - ყველა ამ საკითხს, მუდმივ რეჟიმში ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად განვიხილავთ. ჩვენ ამ განხილვებს გავაგრძელებთ“, - ასე უპასუხა კრემლის წარმომადგენელმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც რუსეთის რეაქციას შეეხებოდა აფხაზეთის მოთხოვნაზე განაახლონ აფხაზეთში სოციალური გასაცემლები და ითვალისწინებენ თუ არა საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების უარყოფას.
9 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბა რუსეთის მთავრობის მეთაურს მიხეილ მიშუსტინს აფხაზეთში სოციალური გასაცემლების განახლების მოთხოვნით მიმართა. რუსეთმა სექტემბრიდან შეაჩერა, ნოემბრიდან კი პენსიის გარდა, ოკუპირებული რეგიონისთვის სოციალური გასაცემლების დაფინანსება შეწყვიტა.