საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
პაველ ჰერჩინსკის ჰკითხეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, ოსი ხალხისთვის 2008 წლის ომის გამო ბოდიშის მოხდის შესახებ. ელჩმა აღნიშნა, რომ იმის უკან, რაც 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და რაც ახლა უკრაინაში ხდება, რუსეთი დგას.
"ევროკავშირის პოზიცია ყოველთვის კრისტალურად ნათელი იყო, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ დეკლარაციებით და სიტყვებით, არამედ საქმითაც, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე, გყავთ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც იტანჯებიან რუსეთის ოკუპაციის გამო ორ სეპარატისტულ რეგიონში. ჩვენ ასევე ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ვცდილობთ, მოვძებნოთ გრძელვადიანი პერსპექტივა ამჟამინდელი ვითარებისთვის. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოველთვის საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ეს დაფუძნებულია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.
რაც შეეხება 2008 წლის ომს, მსურს ძალიან ცხადად განვაცხადო, ქაოსისა და განადგურების უკან, იმის უკან, რაც ახლა უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში ხდებოდა, ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ადგილას: სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი. რუსეთი ყოველთვის იყო დაინტერესებული დესტაბილიზაციით, ქაოსით და არეულობით. განსაკუთრებით ორწელიწად-ნახევრის შემდეგ, ყველანი ვხედავთ, რაც ხდება უკრაინაში გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და სულ უფრო სასტიკ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა ძალიან ცხადი მხარე დაიკავა, ჩვენ არ ვიღებთ ნეოკოლონიალისტურ და იმპერიალისტურ ამბიციებს. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ. მიუღებელია, რომ დიდი და ძლიერი ქვეყანა უბრალოდ შეიჭრას უფრო პატარა მეზობლის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ, ვდგავართ უკრაინის გვერდით და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას",- თქვა ელჩმა.
14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა”. მისივე თქმით, „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.