მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი „დომოდედოვოს“ აეროპორტს აუქციონზე გაყიდის - ფინანსთა მინისტრი

დომოდედოვო

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ზაფხულში სახელმწიფო საკუთრებაში გადასული „დომოდედოვოს“ აეროპორტი მიმდინარე წელს სახელმწიფო აქტივების გაყიდვების გეგმაში ჩასვა.

რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი RBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი აეროპორტი ინვესტორზე ღია აუქციონის წესით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გასხვისდეს.

„[დომოდედოვო] გაყიდვების გეგმაში გვაქვს, თუმცა შევხედავთ, მოვასწრებთ თუ არა წლის ბოლომდე ამის გაკეთებას. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეს კომპლექსი რაც შეიძლება სწრაფად გავყიდოთ“, - განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა და დასძინა, რომ აეროპორტის შეძენის მსურველები უკვე არიან, თუმცა მათი ვინაობა არ გაამხილა. „აუცილებლად ღია აუქციონზე გავყიდით, იმისთვის რომ იყოს საბაზრო ფასი და კონკურენცია“, - განაცხადა მან.

RBC-ს ინფორმაციით, „დომოდედოვოს“ აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში 2025 წლის ზაფხულში გადავიდა. გენერალურმა პროკურატურამ „დომოდედოვოს“ თანამფლობელების დიმიტრი კამენშჩიკისა და ვალერი კოგანის წინააღმდეგ სარჩელები მოსკოვის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლოში იანვარში შეიტანა.

პროკურატურა სარჩელს „ეროვნული ინტერესების დაცვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფით და „დომოდედოვოს“ აეროპორტში სტრატეგიული საწარმოების ჯგუფზე უკანონო უცხოური კონტროლის აღმოფხვრით“ განამტკიცებდა. ივნისში სასამართლომ კომპანიების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 1 სექტემბერს მეათე საარბიტრაჟო სააპელაციო სასამართლომ კამენშჩიკის საჩივარი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები