მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ევროპას Nord Stream-ის საშუალებით გაზის მიწოდებას დროებით შეუწყვეტს

630086c43ef77
გიორგი თოლორდავა
20.08.22 12:00
1266
რუსული ენერგოკომპანია Gazprom-ის ცნობით, აგვისტოს ბოლოს ევროპას Nord Stream 1-ის საშუალებით გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება - საორიენტაციო პერიოდად 3 დღე დასახელდა.

Gazprom-ის განმარტებით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვა ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება და მას არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკასთან.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული „ტექნიკური სამუშაოები“ წინასწარ არ იყო დაგეგმილი, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ ეს მორიგი ძალის დემონსტრაციის შემთხვევა იყოს, რომლითაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროკავშირზე ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ზეწოლას ახორციელებს.

მიწოდების შეზღუდვა 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლითაა დაგეგმილი და ის ყველაზე დიდი დარტყმას გერმანიის ენერგოსისტემას მიაყენებს. არსებობს იმის რისკიც, რომ Gazprom-მა მიზანმიმართულად გააჭიანუროს ტექნიკური სამუშაოების პროცესი და 3-დღიანი შეფერხება ერთ კვირამდე გაზარდოს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, Nord Stream 1-ით გაზის დღიური მიწოდება 33 მილიონ კუბურ მეტრამდე აღდგება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მილსადენით 167 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებაა შესაძლებელი. მოცულობის დრამატულ შემცირებას Gazprom-ის წარმომადგენლობა ტექნიკურ გაუმართაობას და ტურბინების შეფერხებას უკავშირებს, თუმცა ევროპელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ტექნიკური გაუმართაობა არაფერ შეუაშია, ამ შემთხვევაში კრემლი ბუნებრივ აირის პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

აღსანიშნავია, რომ წელს „ტექნიკური სამუშაოებით“ მიწოდების შეფერხების ტაქტიკა რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა: ივნისში Gazprom-მა ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეუმცირა - მიზეზად ბალტიის სადგურის დაზიანება დასახელდა; ივლისში Nord Stream 1 მილსადენი 10 დღით გაჩერდა; გასულ თვეს კი ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ სანქცირების პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი ზამთრის პერიოდში ევროპას გაზის მიწოდებას კრიტიკულად შეუმცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები