საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი გაერო-ში რუსი დიპლომატის დიმიტრი პოლიანსკის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი, გაერო-ში "ჩვენს პოზიციებს" იშველიებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოსადმი ჩადენილი აგრესიის გამო ბრალდებები გააბათილოს.
იგი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ადამიანებისთვის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა პარტიული და ბიზნეს ინტერესებია.
"სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დებატებიც მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ახლა რუსეთი, გაეროში "ჩვენს პოზიციებს" იშველიებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენდამი ჩადენილი აგრესიის გამო ბრალდებები გააბათილოს. ეს გახლავთ აგვისტოს ომის 4 წლისთავზე პუტინთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატია.
პუტინმა ამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის სამხედრო შტაბში რამდენიმე წლის წინ იყო დაგეგმილი. აი, პასუხი, ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 7 აგვისტოს და მანამდე ომი არ ჰქონდა რუსეთს ჩვენთან? გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია, (სტრასბურგის და ჰააგის სასამართლომ დაადასტურა და ჩვენც ხომ ვიცით) რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს "ეფემერული პოლიტიკური ეფექტის" ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას.
ნამდვილად არ მშურს ჩემი კოლეგების, ვისაც ამ განცხადებების გაკეთილშობილების შეუძლებელი მისია აკისრიათ. რას ვიგებთ, რა სარგებელს ვიღებთ, რის ფასად, ვის ვუგორებთ კოჭს, რისთვის, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ვისთან ვაგრძელებთ მეგობრობას? ოჰ, ყოვლისგამგეო ... გული მიმძიმდება, როგორ მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესი უზენაესია ყოველი პარტიული თუ თითქმის ბიზნეს ინტერესებზე", - წერს გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ 14 აგვისტოს, გაერო-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირება მოახდინა. კერძოდ, იმ ნაწილის, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და წინა ხელისუფლებაა დადანაშაულებული.