კრემლი მზადყოფნას გამოთქვამს, აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო შეთანხმების ფარგლებში, თეირანისგან გამდიდრებული ურანი მიიღოს. შეთავაზება გულისხმობს ურანის მარაგების ქვეყნიდან გატანას, რაც, წესით, ბირთვული იარაღის შექმნის რისკებს შეამცირებს.
მოსკოვის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული დაძაბულობის განმუხტვას ისახავს მიზნად. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ წინადადება ძალაშია, თუმცა ამ ეტაპზე მისი რეალიზების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან საუბრისას აღნიშნა, რომ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და ის დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს, თუმცა ამისათვის აუცილებელია ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა.




























