მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ირწმუნება, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს

მმართველი პარტია

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებიან, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ СВР-მ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ირწმუნება, რომ სამსახურმა შესაბამისი მონაცემები მიიღო. СВР-ი წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისთვის ფართომასშტაბიანი კამპანია შეიმუშავა.

"ცნობილი გახდა სცენარის მთავარი სიუჟეტური ხაზები, შეთხზული "საუკეთესო ჰოლივუდის ტრადიციებით". თეთრი სახლის თანდაყოლილი ანტირუსული ენთუზიაზმით, პროპაგანდისტული კამპანია დაგეგმილია "სენსაციური გამოაშკარავების" საფუძველზე: საქართველოს ყველა უბედურებაში რუსეთი არის დამნაშავე. ამასთან, აქცენტი "ქართული ოცნების" მიმართ "პოლიტიკური დამოუკიდებლობის არქონის" ბრალდებებზე გაკეთდება, რომელიც "ხომალდ ჯორჯიას" ევროპის სანაპიროდან დაშორებით ემუქრება", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში მთავარი როლი სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს. როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, შესაძლოა, საქართველოში ფერადი რევოლუცია მოხდეს.

"ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში მთავარი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს. როგორც "ვაშინგტონელმა რეჟისორებმა" ჩაიფიქრეს, სახელმწიფოს მეთაური [სალომე ზურაბიშვილი] ერთ-ერთ ამერიკულ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დეგრადაცია დაადანაშაულებს და "ფართო საზოგადოებას" "მოსკოვთან დაახლოების კატასტროფული შედეგების შესახებ გააფრთხილებს. ამასთან, ვაშინგტონი, ზურაბიშვილის მეშვეობით, ოპოზიციისთვის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ამომრჩევლის მობილიზებას აპირებს "რაღაც პოლიტიკური სიურპრიზისთვის", რაც, შეიძლება, მორიგი "ფერადი რევოლუცია" გახდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპანტი ქვეყანა ირწმუნება, რომ აშშ თბილისში საპროტესტო აქციებს აორგანიზებს, რასაც "საკრალური მსხვერპლი" უნდა მოჰყვეს.

"ამერიკელმა "კურატორებმა" საქართველოს ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება , შეუდგნენ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაგეგმვას არჩევნების დროისთვის. ხელისუფლების სტრუქტურების საწინააღმდეგოდ "ტარანი" თბილისის მოსახლეობა უნდა გახდეს, რომელიც ამ წლის გაზაფხულზე "უცხოელი აგენტების" კანონზე ანტისახელისუფლებო აქციებით "შეახურეს". განიხილება "საკრალური მსხვერპლი" პროტესტების მონაწილეებიდან, რათა ძალოვნებზე "ხალხი განრისხდეს". პროვოკაციების ამერიკელ ოსტატებს დიდი გამოცდილება გააჩნიათ. საკმარისია კიევის "მაიდანი" გავიხსენოთ, სადაც "დემოკრატიის საკურთხეველზე" ასობით ადამიანი გაწირეს, მათ შორის, ისინიც, ვინც ქართველმა დაქირავებულმა სნაიპერებმა დახვრიტეს", - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადება ჰგავს 2024 წლის მაისში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას. სუს-ის ცნო­ბით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია გეგ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია აქ­ცი­ებ­ზე მსხვერ­პლი, სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა და სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა - "გეგ­მა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბიც".

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების' საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ "საერთო - სახალხო შეკრებაზე" განაცხადა, რომ კონკრეტული პირები საქართველოში რევოლუციას გეგმავდნენ.

"როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ", - თქვა მაშინ ივანიშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები აშშ-ის ყოფილ ელჩს, კელი დეგნანს რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ. ირაკლი კობახიძემ 5 მაისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლესთან საუბრის შემდეგ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ეწერა, თითქოსდა 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის ორი მცდელობა იყო, რასაც, მისი მტკიცებით, მხარს აშშ-ს ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი უჭერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები