მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია - სალომე ზურაბიშვილი

63f876936d68c
BM.GE
24.02.23 12:31
757
ერთი წელია, რაც რუსეთმა, უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენობის წინააღმდეგ სრულმაშტაბიანი აგრესია წამოიწყო, ერთი წელია, რაც უკრაინელი ხალხი, ერთობლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ერთი წელია, რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი, ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევითა და უგულებელყოფით. ერთი წელია, რაც უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა - პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში - თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება: ამ მიზანს კი უკრაინა ჰქვია!

ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო - რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია: ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა; პირიქით - უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა დღითი დღე იზრდება. არნახული სოლიდარობა, არნახული დახმარება არა მხოლოდ სიტყვიერი, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ყველა შესაძლო რესურსით. რუსეთისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს საოცარი ერთობა, რომელსაც ვერც ენერგო შანტაჟმა, ვერც ბირთულმა შანტაჟმა და ვერც ეკონომიკურმა კრიზისმა ვერ გადაათქმევინა მხარდაჭერა და ვერ შეაცვლევინა პრინციპული სოლიდარობა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა ერთგვარად ახალი, თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა საიდან მოდის საფრთხე და რომ დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები