რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აფხაზეთში დასვენება უსაფრთხო არ არის.
უწყების ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ე.აბუღბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტი მოკლა, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლა.
“უკიდურესი გაკვირვებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ 2 თებერვალს, აფხაზეთის მოქალაქე ე. აბუღბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტის მიმართ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის შემსუბუქების შემდეგ გაათავისუფლეს. ჩვენი შეფასებით, ეს გახმაურებული საქმე მიუთითებს აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებაზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელების მიმართ”, - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ გადაწყვეტილება რისკს შეუქმნის, ტერიტორიაზე რუსი დამსვენებლების უსაფრთხოებას.
"ცხადია, ეს რისკებს უქმნის ყოველწლიურად აფხაზეთის კურორტებზე ჩასული უცხოელი სტუმრების უსაფრთხოებას, რის შესახებაც იძულებულნი ვართ, ჩვენი თანამემამულეები გავაფრთხილოთ”,-წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის 5 მლნ. მოქალაქე ესტუმრა.