დასავლური საფინანსო სისტემიდან იზოლირებულ რუსეთს კაპიტალის ბაზრის გადარჩენის მიზნით, ჩინეთთან თანამშრომლობის დაწყება უწევს.
როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე, მსხვილი რუსული კომპანიები, მათ შორის „გაზპრომი“, „რუსალი“ და „როსატომი“ ჩინურ საფონდო ბირჟაზე იუანში დენომინირებულ კორპორაციულ ობლიგაციებს გამოუშვებენ, რომელთა შეძენა შეეძლებათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს.
აქ გასათვალისწინებელი ის არის, რომ ობლიგაციები ექსკლუზიურად ჩინურ ბირჟაზე იქნება განთავსებული და მათი შეძენა, გაყიდვა, პროცენტის მომსახურება და დაფარვა მხოლოდ ჩინურ ეროვნულ ვალუტაში იქნება დასაშვები. ეს ოფიციალური პეკინის მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც ამერიკული დოლარის გლობალური ჰეგემონიის დასრულება სურს.
კორპორაციულ ობლიგაციებთან ერთად, განიხილება რუსული სახაზინო ობლიგაციების გამოშვებაც, ანუ კრემლი ფინანსური რესურსების მოზიდვას ჩინური კაპიტალის ბაზრიდან გეგმავს, რაც გასაკვირი არავისთვის არ არის.




























