ოკუპირებული ყირიმის მახლობლად, ქერჩის სრუტესთან, შტორმის დროს რუსული სანავთობო ტანკერების ჩაძირვის გამო ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებენ. ამის შესახებ ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ხელმძღვანელმა სერგეი აქსენევმა მედიას განუცხადა.
„გუშინ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ და ლიდერის [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის] გადაწყვეტილებით ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით კომისიას ქმნის, სადაც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მისივე ინფორმაციით, მაზუთის დაღვრის შედეგების აღმოსაფხვრელად ფინანსური რესურსი გამოიყოფა.
ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია კრასნოდარის მხარეში. ოკუპირებულ ყირიმში სანაპიროზე მაზუთის გამორიყვის გამო, 21 დეკემბრიდან მუნიციპალური ხასიათის საგანგებო მდგომარეობა ქერჩში გამოცხადდა.



























