ოკუპირებული ყირიმის მახლობლად, ქერჩის სრუტესთან, შტორმის გამო. რუსული სანავთობო ტანკერები ჩაიძირა, რასაც შავი ზღვის რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ეკოლოგიური მდგომარეობა მოჰყვა. ზღვაში ჩაღვრილი მაზუთის გამო დაბინძურებულია ჰაერი და საფრთხე ემუქრება შავი ზღვის სანაპიროს ფლორას და ფაუნას - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
იმ სანაპიროებზე, რომელთა სიახლოვესაც ნავთობ ტანკერები ჩაიძირა, გარემოს დასუფთავებისთვის 4000-ზე მეტი მოხალისე შეიკრიბა, რომლებიც 49 კმ-იან სანაპირო ზოლს შტორმით გამოწვეული დაბინძურებისგან გაათავისუფლებენ.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალა ცხადყოფს, რომ სანაპირო მაზუთის შავი ლაქებითაა დაფარული და გადაადგილება უჭირთ როგორც ადამიანებს, ასევე ველურ ბუნებასაც.
რუსულ ტანკერებს, რომლებიც ექსპლუატაციაში 50 წლის წინ შევიდნენ, ჯამურად 9200 ტონა ნავთობპროდუქტები გადაჰქონდათ. როგორც რუსული მედია იტყობინება, უცნობია, რა მასშტაბის დაბინძურებაზეა საუბარი და რა მოცულობის ნავთობი ჩაიღვარა შავ ზღვაში. სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, კატასტროფის სიგნალი იმავე ტერიტორიიდან მესამე ტანკერმაც გაუშვა, თუმცა მისი ეკიპაჟი უსაფრთხოდაა და არც დაღვრილი მაზუთის შესახებაა ინფორმაცია ცნობილი.
რუსეთის ხელისუფლებამ ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მათ შორისაა აზოვის ზღვისპირა ტურისტული ქალაქი ანაპაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი, მარია ზახაროვა მოხალისეებს დახმარების თხოვნით მიმართავს. იგი აცხადებს, რომ ანაპას სანაპიროების გადარჩენა ხალხის დახმარების გარეშე შეუძლებელია.