მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი რბილ ძალას სწრაფად კარგავს, უკრაინის კი - მკვეთრად იზრდება - Brand Finance

64007a634157d
გიორგი თოლორდავა
02.03.23 15:43
714
კვლევითი ორგანიზაცია Brand Finance-ი რბილი ძალის (soft power) შესახებ ახალ გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2023 წელს რუსეთის ფედერაცია ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელმაც რბილი ძალა დაკარგა, რაც მისი რეპუტაციის მკვეთრი გაუარესებითაა განპირობებული.

საერთაშორისო პოლიტიკაში რბილი ძალა სახელმწიფოს გავლენას და რეპუტაციას აღწერს, რაც უფრო მეტი აქვს ქვეყანას რბილი ძალა, მით მეტია შანსი, რომ მან სხვა სახელმწიფოებს გადაწყვეტილებები თავისი ინტერესების შესაბამისად მიაღებინოს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამხედრო შეიარაღების, ანუ ხისტი ძალის გამოყენების გარეშე.

გლობალურ რეიტინგში პირველ ადგილს ტრადიციულად ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, რომელსაც 100-დან თითქმის 75 ქულა აქვს, ამ პარამეტრის გათვალისწინებით, აშშ პლანეტის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოა.

მეორე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი გავლენა ევროპის რეგიონსა და ყოფილ კოლონიებში აქვს. Brand Finance-ის რეიტინგში მესამეა გერმანია; შემდეგ პოზიციებს კი აზიური გიგანტები, იაპონია და ჩინეთი ინაწილებენ.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე რუსეთი გლობალურ რეიტინგში მეცხრე ადგილზე იყო, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი კოლოსალური გავლენით იყო განპირობებული, თუმცა ამჟამად ის მე-13 პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რაც სავაჭრო კავშირების გაწყვეტითა და რეპუტაციის გაუარესებითაა გამოწვეული.

რეიტინგში ყველაზე მკვეთრი აღმასვლა თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას აქვს, რომელიც 51-ე ადგილიდან 37-ე პოზიციამდე დაწინაურდა, აღნიშნული შედეგი მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობისა და რეპუტაციის მკვეთრი ზრდითაა განპირობებული.

საქართველო Brand Finance-ის რეიტინგში წელს 49-ე ადგილს იკავებს, რაც წინა წელთან შედარებით 8-ადგილიანი დაწინაურებაა. ქვეყანას ყველაზე დიდი წინსვლა გავლენისა და რეპუტაციის მიმართულებით აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები