1 ოქტომბრიდან რუსეთში საქონლის ფართო ჩამონათვალზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი ამოქმედდება, რომელიც რუბლის კურსზე იქნება მიბმული. შესაბამისი განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. აცხადებენ რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში.
„აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითი ხასიათისაა და ადგილობრივი ბაზრის დაცვისკენაა მიმართული. საექსპორტო გადასახადი ღირებულების 4-დან 7%-მდე იქნება ეროვნული ვალუტიდან გამომდინარე. თუ რუბლის ღირებულება დოლართან მიმართებით 80 რუბლი და ნაკლები იქნება, მაშინ გადასახადი ნულოვანი იქნება. სასუქების შემთხვევაში საექსპორტო გადასახადი 10%-მდე იქნება რუბლის კურსიდან გამომდინარე“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
მთავრობაში განმარტავენ, რომ რეგულაცია საქონლის ექსპორტსა და შიდა მოხმარებას შორის რაციონალური თანაფარდობის შესანარჩუნებლად წესდება და ადგილობრივ ბაზარს ფასების ზრდისგან დაიცავს. მოქნილი საექსპორტო გადასახადი 2024 წლის ბოლომდე იმოქმედებს.
ექსპორტის საგადასახადო რეგულირებას არ დაექვემდებარა ისეთის სასაქონლო ჩამონათვალი, როგორიცაა ნედლი ნავთობი, ნავთობროდუქტები, ბუნებრივი აირის კონდესანტები, ბუნებრივი და თხევადი აირი, ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, მზესუმზირის ზეთი, მზესუმზირის შროტი, ტყის მასალები, შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი, სპილენძის, ნიკელის, ტყვიის ნარჩენები და ჯართი. ასევე, საექსპორტო გადასახადი არ ვრცელდება მანქანებზე, მოწყობილობებზე, მექანიზმებზე, ელექტრო მოწყობილობებზე, სახმელეთო ტრანსპორტზე, თვითმფრინავებზე, გემებზე, ხელსაწყოებზე, ავეჯზე, სათამაშოებზე.
საგადასახადო რეგულაციებს დაექვემდებარება თევზის და მოლუსკების, ფრინველის კვერცხის, ბოსტნეულის და ხილის, ალკოჰოლის, ფეთქებადი ნივთიერებების და ზოგიერთი ქიმიური პროდუქტის - ცემენტის, ბეტონის, სამუხრუჭე სითხეების, ანტიფრიზის, ასევე პოლიმერების, რეზინის და მათგან დამზადებული პროდუქტების (გარდა ჰიგიენური საშუალებებისა, კონტრაცეპტივების ჩათვლით), ბუნებრივი და ხელოვნური ბეწვის, ქაღალდის და მუყაოს, ბამბის, ქიმიური ბოჭკოების, ტექსტილის მასალების, კერამიკის, ძვირფასი ლითონების და სამკაულების, თუჯის, ფეროშენადნობების, შავი ლითონის პროდუქტების, სპილენძი და სპილენძის პროდუქტების (გარდა მავთულის, ფირფიტების, ფოთლებისა და ზოლების, სპილენძის ფოლგისა), ნიკელის, დაუმუშავებელი ალუმინის, ტყვიის, თუთიის და კალის ექსპორტი.