Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთში არსებული საწვავის კრიზისი იმდენად დამძიმდა, რომ ქვეყანა უცხოეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს იწყებს.
როგორც ირკვევა, ქვეყანაში ბენზინის პირველი პარტიის მიწოდება, ერთ-ერთი დასავლეთ პორტის გავლით, მიმდინარე წლის ივნისშივე იგეგმება. დარგის ოთხი ანონიმური წყაროს ცნობით, მოსკოვის ეს გადაწყვეტილება უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული თავდასხმებით გამოწვეულ დეფიციტს უკავშირდება. ერთ-ერთი წყარო აკონკრეტებს, რომ მიწოდება აზიის ქვეყნებიდან განხორციელდება, თუმცა მოცულობებისა და კონკრეტული მომწოდებლების შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
სპეციალისტების შეფასებით, საზღვაო იმპორტი, შესაძლოა, მხოლოდ დროებითი ღონისძიება იყოს, მიწოდების მოცულობა კი, ლოგისტიკური სირთულეებისა და მაღალი ხარჯების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად არ გაიზრდება.
რაც შეეხება ალტერნატიულ მიმართულებებს, რუსეთმა ბოლო პერიოდში საწვავის იმპორტი ბელარუსიდან გაზარდა და მცირე მოცულობის დახმარება ყაზახეთსაც სთხოვა. არსებული ინფორმაციით, უფრო სერიოზული დეფიციტის შემთხვევაში, დასახელებული ქვეყნებიდან არცერთს არ აქვს საკმარისი საწარმოო სიმძლავრე, რომ რუსეთის ბაზარი საწვავით სრულად უზრუნველყოს.
კრიზისის ფონზე, ბენზინგასამართ სადგურებში მკაცრი ლიმიტებია დაწესებული, ხოლო ზოგიერთ ქალაქში ბენზინი და დიზელი ფიზიკურად აღარ არის, რადგან ქვეყნის ყველა ძირითადი ქარხანა ან აფეთქებულია, ან შეფერხებულია და ახლაც იგერიებს უკრაინის შეტევებს. ხელშეუხებლად დარჩენილი საწარმოები კი ვერ უზრუნველყოფენ ქვეყანაში არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას.




























