მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, თურქეთი, ირანი, ინდოეთი, ჩინეთი... - TOP-10 ქვეყანა, საიდანაც 9 თვეში ტურიზმი გაიზარდა/შემცირდა?

ტურიზმი

9 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა, თუმცა სამივე მიმართულებიდან ვიზიტების რაოდენობა წლიურად შემცირებულია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, 2024 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს 5 794 661 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წლიურად 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 5 043 663 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის 9 თვესთან შედარებით 4.5%-ით არის გაზრდილი. აქედან იანვარ-სექტემბერში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა და ეს რიცხვი 9.2%-ით გაიზარდა, ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა კი 10.4%-ით 1 050 821 ვიზიტამდე შემცირდა.

რაც შეხება ქვეყნებს, საიდანაც ამ პერიოდში საქართველოს ყველაზე მეტად სტუმრობდნენ, როგორც აღვნიშნეთ, პირველ სამეულს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან შემოდიოდნენ და ვიზიტების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ვიზიტები გაიზარდა ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი და ინდოეთი, ეს ქვეყნების ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP-10-ეულში შედიან.

ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. რუსეთი - 1 111 004 ვიზიტი, კლება - 3.3%;
  2. თურქეთი - 1 060 285 ვიზიტი, კლება - 2%;
  3. სომხეთი - 732 271 ვიზიტი, კლება - 0.5%;
  4. ისრაელი - 229 739 ვიზიტი, ზრდა - 25.8%;
  5. აზერბაიჯანი - 163 207 ვიზიტი, ზრდა - 10.9%;
  6. ყაზახეთი - 146 949 ვიზიტი, ზრდა - 13.1%;
  7. ირანი - 120 840 ვიზიტი, ზრდა - 22.5%;
  8. ბელარუსი - 118 192 ვიზიტი, ზრდა - 8.3%;
  9. უკრაინა - 89 398 ვიზიტი, კლება - 22.8%;
  10. ინდოეთი - 87 491 ვიზიტი, ზრდა 47.6%;

9 თვეში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა ასევე საუდის არაბეთიდან და უზბეკეთიდან, ჩინეთიდან კი ეს რიცხვი გაორმაგებულია და 66 485 ვიზიტს შეადგენს. შესრულებული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში 2 ევროპული ქვეყანა გვხვდება, რომლებიც თხუთმეტეულში მეცამეტე და მეთოთხმეტე ადგილს იკავებენ და ესენი არიან გერმანია და პოლონეთი. აქედან გერმანიიდან შესრულებული ვიზიტების რაოდენობა 15.6%-ით გაიზარდა და 62 804 შეადგინა, ხოლო პოლონეთიდან 27.2%-ით 53 245 ვიზიტამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები