რუსეთის სახელმწიფო ატომურმა კომპანია Rosatom-მა თურქეთში მდებარე Akkuyu-ს ბირთვული ელექტო-სადგურის 49%-იანი წილის გაყიდვა გადაწყვიტა. საუბარია $25 მილიარდ დოლარზე, რომელიც, როგორც ჩანს, მზარდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ახლა განსაკუთრებით სჭირდება რუსეთს. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც თურქულ მხარესთან, ისე საერთაშორისო ინვესტორებთან.
მნიშვნელოვანია ვახსენოთ ის, რომ გაზრდილი დაინტერესება უკავშირდება ატომური სადგურის პირველი რეაქტორის ამოქმედებას. როგორც ცნობილია, ბირთვულ ობიექტს რუსეთი თურქეთთან თანამშრომლობით აშენებდა.
აღსანიშნავია, რომ თუ Rosatom-ი წილებს ახლა თავისი ნებით ყიდის, იგივეს მიღწევა თურქულ მხარეს 2018 წელს სურდა. საუბარია მთავარ მშენებელ კომპანიებზე, Cengiz Holding-ზე, Kolin-სა და Kalyon-ზე, რომლებსაც არ მოსწონდათ ის კომერციული შეთანხმება, რომელიც რუსულმა მხარემ წარადგინა. თავის მხრივ, Rosatom-ისთვის წილების ახლა გაყიდვა საკმაოდ სარფიანი ინიციატივაა, რადგან ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება ობიექტის ამოქმედებამდე, ინვესტორების დაინტერესება კი სწორედ ახლა არნახულად დიდია.
აქვე უნდა ითქვას, რომ ბირთვული რეაქტორის მშენებლობას უპრობლემოდ არ ჩაუვლია. პროცესი რამდენჯერმე გადავადდა ფინანსური გამოწვევების გამო. კერძოდ, უცხოურ ბანკებს ჰქონდათ შიში, რომ ამერიკული სანქციების საფრთხის ფონზე რუსულ სახელმწიფო კომპანიასა და თურქულ მხარეს შორის თანხის მიმოცვლას ხელშეწყობით თავადაც გახდებოდნენ შტატების სამიზნე. ფინანსური პრობლემები ქვეყნებმა ენერგოპროდუქტების მიმოცვლით გადაჭრეს.
თუ მშენებლობა დროულად დასრულდა, Akkuyu-ს ატომური სადგური 4 რეაქტორის ამოქმედებას და, შესაბამისად, 4.8 გეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2028 წლიდან შეძლებს. აღსანიშნავია, რომ Rosatom-ის მიერ წილების გაყიდვა აწყობს თურქულ მხარესაც, რადგან ენერგოობიექტი, რომელსაც შეუძლია გამოიმუშავოს ქვეყნის საერთო მოხმარების 10%, აღარ იქნება ისეთი მხარის კონტროლის ქვეშ, რომელიც მუდმივად ქმნის პრობლემებს საერთაშორისო სცენაზე.




























