რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს და უკრაინას სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ადანაშაულებს. უკრაინული მხარე თავდასხმას უარყოფს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნული ფლოტი მარცვლეულის საექსპორტო კორიდორს იცავდა, დღეს მომხდარის შემდეგ კი ისინი ე.წ. სტამბოლის შეთანხმებიდან გადიან.
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვმა ამის შესახებ გაეროს გენერალურ მდივანს ოფიციალურად აცნობა.
მომხდარს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა:
"ჩვენ გაფრთხილებდით რუსეთის გეგმაზე შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განადგურების შესახებ. ახლა მოსკოვი ცრუ პრეტექსტს იყენებს, რათა დაბლოკოს მარცვლეულის დერეფანი, რომელიც მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთს შიმშილის თამაშების შეწყვეტა და ვალდებულებების შესრულება".
შეგახსენებთ, ე.წ. სტამბოლის შეთანხმება, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის ივლისში გაერომ, უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მოაწერეს, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლებას ითვალისწინებდა. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან.
შეთანხმების შედეგად, ივლისიდან 9 მლნ ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა.