მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს" - ანდრეი სიბიგა

საბიგა ანდრეი

"რუსეთის უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს. მათ [უკრაინის მოქალაქეების] პირდაპირ უკრაინის საზღვართან ტრანსპორტირებას ვთავაზობთ",- ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი საბიგა წერს.

როგორც ის აღნიშნავს, რუსული მხარე უკრაინის მოქალაქეთა დეპორტაციისთვის საქართველოს საზღვარს იყენებს, რაც მათ ქვეყანაში დაბრუნებას ართულებს. საბიგას განცხადებით, ივნისის შემდეგ ათობით ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

"ივნისის შემდეგ რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა უკრაინის დეპორტირებულ მოქალაქეთა რაოდენობა, ძირითადად ყოფილი პატიმრების, საქართველოს საზღვარზე. შედეგად, ათეულობით ადამიანი, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, სატრანზიტო ზონაშია გაჭედილი. უკრაინული საკონსულოები აქტიურად მუშაობენ მათთვის დოკუმენტაციის მიწოდებაზე და ქვეყანაში მოლდოვას გავლით მათ დაბრუნებაზე. ამ გზით უკვე დავაბრუნეთ 43 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმარი ანდრეი კოლომიეცი. თუმცა ბევრი ადამიანი კვლავ რჩება მძიმე სასაზღვრო პირობებში.

ქართულ და მოლდავურ მხარესთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი ხალხი უკრაინაში დავაბრუნოთ. თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი დეპორტირებულთა რაოდენობას არ გაზრდის. გართულებების თავიდან ასარიდებლად, რუსეთს საჯაროდ ვთავაზობთ, რომ ამ კატეგორიის უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვართან გამოუშვან. ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მათ დავხვდეთ. არსებობს სასაზღვრო ნაწილები, სადაც ეს შესაძლებელია", - წერს საბიგა და აღნიშნავს, რომ რუსეთს ეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური არხებითაც მიეწოდება.

საკითხზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა და დაადასტურა, რომ არც უკრაინულ და არც ქართულ მხარეს არ აქვს წინასწარ ინფორმაცია დეპორტაციის შესახებ.

"მინისტრმა [სიბიგამ] გამაცნო ვითარება რუსეთ-საქართველოს საზღვრის შესახებ, სადაც უკრაინის მოქალაქეებს რუსული ტერიტორიიდან "ყრიან" დოკუმენტაციისა და უკრაინული ან ქართული მხარისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე. კონკრეტულად, ამ უკრაინელებს რუსები უშვებენ რუსეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიების ციხეებიდან და გამოსასწორებელი კოლონიებიდან. უკრაინელი დიპლომატები მუშაობენ ამ მოქალაქეების უკრაინის ტერიტორიაზე დასაბრუნებლად", - წერს ზელენსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები