მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ხორბლის ექსპორტს ზღუდავს - რა ალტერნატიული წყაროდან შეიძენს საქართველო მას?

5e8710bfe0997
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.20 14:41
4816
რუსეთმა და ევრაზიული კავშირის ქვეყნება ძირითადი სასურსათო პროდუქტების, მათ შორის ხორბლის ექსპორტზეც გარკვეული შეზღუდვები დააწესეს. საქართველო კი, ხორბლის 90%-ზე მეტს სწორედ ამ ქვეყნებიდან ყიდულობს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო არსებულ ვითარებაში მოიძიებს ალტერნატიულ გზებს და თუ ხორბლის იმპორტის ტრადიციული მიმართულებებიდან შესყიდვაზე შეიქმნება სირთულე, ქვეყანა ხორბალს სხვა ქვეყნებიდან შეიძენს.

“სურსათის საქონლის ექსპორტზე შემზღუდავი გადაწყვეტილება მიიღო ევრაზიულმა კავშირმა, რომელიც უკავშირდებოდა გარკვეულ ბურღულეულ პროდუქტს. დღეს მიიღეს ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ბურღულეულ პროდუქტს უკავშირდება, ზოგიერთ ბოსტნეულ პროდუქტს და პირველადი საჭიროების სამედიცინო დამცავ საშუალებებს.

ჩვენ გვესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები კრიზისულ პერიოდში მთავრობების მიერ მიიღება, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი, მე ჩემ გამოსვლაში ერთი თვის წინაც განვაცხადე და ამას ხაზს ვუსვამდით. ჩვენ ვმუშაობდით ალტერნატიულ წყაროებზე იმისთვის, რათა დივერსიფიცირებული იყოს საქართველოში მომარაგება პირველადი საჭიროების პროდუქტების.

რაც შეეხება ხორბალს, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა გარკვეული შეზღუდვები შემოიღო ხორბალთან დაკავშირებით, რომელიც ლიმიტირებას აკეთებს. კვოტირებას აკეთებს კონკრეტულად ხორბლის ექსპორტის, თუმცა არის იგივე რუსეთში კერძო კომპანიები, ხორბლის ექსპორტიორთა კავშირის განცხადებდა, რომ დღეს რუსეთში არსებობს ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი, ასევე ჩვენ ველოდებით ახალ მოსავალს, იცით, რომ სულ რამდენიმე თვეში იქნება ახალი მოსავალი. პროგნოზები დღეს არის დამაიმედებელი ზოგადად მსოფლიოში, განსაკუთრებით რეგიონში არის მოსალოდნელი ხორბლის ჭარბი მოსავალი, შესაბამისად, მოსალოდნელია ფასების მინიმუმ არგაზრდა და შესაძლებელია მათი შემცირებაც კი, შესაბამისად, ექსპორტის კვოტირება უბრალოდ რაციონალური არის, მაგრამ კვოტირების რეჟიმში ჩვენ ვახერხებთ იმ კონტრაქტების შესრულებას, რომლებიც საქართველოში ხორბლის მარაგს უზრუნველყოფს დროის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო თუ ჩვენ მივიღეთ ექსპორტთან დაკავშირებული უფრო მკაცრი შეზღუდვები, რომელთაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რაციონალური საფუძველი არ აქვს, რადგან ჭარბი არის ზოგადად მსოფლიოში ხორბლის მარაგი და ფასები დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება. ჩვენ გვაქვს წვდომა ალტერნატიულ წყაროებზე და არსებობს ეს ალტერნატიული გზები იმისთვის, რათა საქართველოში მარაგები შეივსოს და რაც მთავარია, ეს არ აისახოს პურის ფასზე.

ჩვენ მიერ, რა თქმა უნდა, არის გათვალისწინებული, რომ თუ ჩვენ ახლო რეგიონიდან ვერ მოვახერხებთ მარაგების შესყიდვას, ჩვენ გვაქვს იმდენი მარაგი და შესაბამისად დროც, რომ უფრო შორი გეოგრაფიიდან უწყვეტ რეჟიმში მივიღოთ ხორბალი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებით არავითარი პრობლემა არ არის და არც პერსპექტიულ შესყიდვებთან დაკავშირებით არ იქნება არანაირი პრობლემა,” - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში საქართველომ $105 მილიონის ღირებულების ხორბალი შეიძინა, ჯამურად კი ხორბლის იმპორტმა 500,000 ტონა შეადგინა. აქედან რუსეთიდან შეძენილი ხორბლის მოცულობამ $90.6 მილიონი დოლარი (483,000 ტონა) შეადგინა. რუსეთის გარდა, საქართველომ გასულ წელს ხორბალი ყაზახეთიდან ($13 მლნ დოლარი) და აშშ-დან ($1.1 მილიონი დოლარი) შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები