2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკაში რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციები შემცირდა და ორ კვარტალში ჯამურად 11 მილიონ 732 ათასი დოლარი შეადგინა. წლიურად რუსული ინვესტიციების მოცულობა 81.8%-ით არის შემცირებული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თუ I კვარტალში რუსეთიდან ინვესტიციების მოცულობა 7 მილიონ 246 ათასი დოლარი იყო, II კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში კიდევ უფრო ნაკლები 4 მილიონ 486 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა სექტორები, სადაც II კვარტალში ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია ჩაიდო. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ რუსი ინვესტორები უპირატესობას მეორე კვარტალშიც უძრავი ქონების დარგს ანიჭებდნენ - ამ სექტორში აპრილ-ივნისში ჯამში 3 მილიონ 094 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო;
მეორე ადგილს ინფორმაცია და კომუნიკაცია 1 მილიონ 934 ათასი დოლარით, მესამეს - საბითუმო და საცალო ვაჭრობა 1 მილიონ 402 ათასი დოლარით, მეოთხეს - მშენებლობა 1 მილიონ 126 ათასი დოლარით, მეხუთეს კი დამმუშავებელი მრეწველობა 732 ათასი დოლარით იკავებენ.
საფინანსო და სადაზღვევო სექტორში რუსული ინვესტიციების მონაწილეობა ამ პერიოდში მხოლოდ 562 ათასი დოლარი იყო, სამთომოპოვებით მრეწველობაში 443 ათასი დოლარი, ადმინისტრაციულ და დამხმარე მომსახურების საქმიანობებში 179 ათასი დოლარი, ხოლო განათლებაში 108 ათასი დოლარი.
რაც შეეხება საწარმოებს, რომლებშიც II კვარტალში რუსული ინვესტიციები ჩაიდო, მათი ჩამონათვალი, რომელიც რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული, ასეთია:
- შპს ეს ჯი გაზ - კომპანი
- შპს რიტელ
- შპს კადევე საქართველო
- შპს სი. აი. ჯი
- შპს ჯეთთიქლაუდ
- შპს ლეგერო
- შპს შატო გრემი
- შპს GRW
- შპს როიალ 2019
- სს პონტუს