მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან გაზის შესყიდვა 65%-ით, $91 მილიონამდე გაიზარდა - მთავრობა მიზეზს განმარტავს

gazprom გაზპრომი

საქართველომ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვის მაჩვენებელი წელს 65%-ით გაზარდა. 2023 წლის 11 თვეში ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში 91 მილიონი დოლარის ღირებულების 490 მილიონ კუბურ მეტრამდე რუსული გაზი შემოვიდა.

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის შესყიდვები თანხობრივად შემცირებულია, 2023 წლის 11 თვეში მან 279 მილიონი დოლარი შეადგინა, როდესაც გასულ წელს იმპორტის მოცულობა 298 მილიონი დოლარი იყო. რაოდენობრივადაც ქვეყანამ 2.13 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი მიიღო, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული აზერბაიჯანული გაზის მოცულობა 2.2 მილიარდი კუბური მეტრი იყო.

შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარებაში 19%-მდე გაიზარდა რუსეთის წილი, მაშინ როდესაც 2022 წელს ის 12% იყო.

რუსეთიდან გაზრდილ იმპორტზე BMG-იმ კითხვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სადაც განმარტავენ, რომ ამჟამად საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს იმ მაქსიმალურ ბუნებრივ აირს, რომლის მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობაც ამჟამად აზერბაიჯანს აქვს, შესაბამისად, მოთხოვნის დანარჩენ ნაზრდს ქვეყანა რუსეთიდან მიღებული გაზით აბალანსებს. ამასთანავე, ეკონომიკის სამინისტრო მიუთითებს, რომ ბოლო რამდენიმე წელში საქართველოში გაზზე მოთხოვნა 0,5 მილიარდი კუბური მეტრით არის გაზრდილი.

“საქართველოს გაზით მომარაგება თითქმის 100%-ით იმპორტის ხარჯზე ხორციელდება. იმპორტის ძირითადი წყაროა აზერბაიჯანი, რომელიც საქართველოს გაზს ორი მილსადენის საშუალებით (სატრანზიტო სამხრეთ კავკასიური მილსადენის განშტოება და აზერბაიჯანი-საქართველოს უშუალოდ დამაკავშირებელი მილსადენი) აწვდის.

რუსეთიდან გაზის იმპორტი მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი მოცულობით ხორციელდება და უპირველეს ყოვლისა, გამოიყენება გაზის მეურნეობაში დანაკლისის შევსებისა და დაბალანსების მიზნით, ძირითადად, ზამთრის პერიოდში, როდესაც მოხმარება ყველაზე მაღალია.

2022 - 2023 წლებში საქართველოს გაზის წლიური მოხმარება 500 მლნ.მ3-ით გაიზარდა (20%-მდე) და შედეგად, საქართველომ აზერბაიჯანიდან მოწოდების მაქსიმალური ტექნიკური ზღვარი აითვისა, განსაკუთრებით, ზამთრის პიკური დატვირთვისას. გაზრდილი მოთხოვნის და მთლიანად სისტემის დაბალანსება მოხდა რუსული გაზით. ამასთან, იმპორტი განხორციელდა კომერციული მიზანშეწონილობით და მოემსახურა სისტემის სტაბილური და უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფას,”- ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობით პასუხში.

საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენის მეშვეობით იღებს. ამ გაზსადენის საშუალებით რუსული Gazprom-ი სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის. 2022 წელს ამ მილსადენის დატვირთვა 2.6 მილიარდი კუბური მეტრი იყო.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს, მისი და ტრანს-ანატოლიური შემდგომ კი ტრანს ადრეატიკული მილსადენების სისტემების გავლით აზერბაიჯანი თურქეთსა და ევროკავშირს აწვდის ბუნებრივ აირს. 2022 წელს ამ გაზსადენის დატვირთვა 19.8 მილიარდი კუბური მეტრი იყო. ამ მილსადენიდან საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მიღების საკითხს შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულება არეგულირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები