მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის ფასის ზრდამ კვერცხი 3 თეთრით გააძვირა” - უჩუმბეგაშვილი

63d28340dc842
თინათინ ნატმელაძე
26.01.23 23:20
761
„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, რომ რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის საფასური გაიზარდა, რამაც ქართულ ბაზარზე კვერცხი 3 თეთრით გააძვირა.

„ოთხი დღის წინ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთიდან ძალიან ბევრი ხორბლის ექსპორტი ხდება და ცოტა უნდა შევზღუდოთო, ამ ერთი განცხადების მერე ტონაზე ბაჟმა 23 დოლარით მოიმატა, შეიზღუდა კვოტები, ამან კი გვაიძულა, რომ ხორბლის ფასი სამი თეთრით გაგვეძვირებინა.

გასულ წელს კი საერთო ჯამში 20%-ით გაიზარდა კვერცხის საფასური, ისეთი მდგომარეობა იყო, როგორიც აქამდე საერთოდ არ ყოფილა, დარგმა ძალიან დაბალ მოგებაზე იმუშავა, ხორბლის ფასს უკვე მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა, მთავარი იყო ეშოვათ. ზოგიერთმა რამდენიმე თვით მუშაობაც კი შეწყვიტა,“ - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

მისივე ცნობით, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ხორბლის წარმოებაში რუსეთისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია უკრაინაა, რომელიც გასაგები მიზეზების გამო მიწოდებას ვერ ახერხებს, ხოლო რუსეთის ბაზრის სხვა ქვეყნებით ჩანაცვლება ლოჯისტიკური და ფინანსური ფაქტორების გამო ვერ ხერხდება.

„უნდა ვეცადოთ,მარცვლოვანი და ზეთოვანი კულტურების წარმოება გავზარდოთ და მხოლოდ ერთ ბაზარზე, ამ შემთხვევაში რუსეთზე, არ ვიყოთ დამოკიდებული. ევროპის ქვეყნებიდან ლოჯისტიკური და ფინანსური ხარჯები იმდენად დიდია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ამის გაკეთება. რაც შეეხება ყაზახეთს, იყო მცდელობა, რომ იქიდან შემოგვეტანა ხორბალი, მაგრამ აქ სხვა სისტემაა - თუ რუსეთში ხორბალი ცხოველთა კვებისთვის ცალკეა გამოყოფილი და უფრო დაბალი ფასი ადევს, ყაზახეთში ხორბალი ხორბალია - არ არსებობს საფურჟე ხორბალი და ცხოველთა კვებისთვისაც და პურის გამოსაცხობადაც ის გამოიყენება, შესაბამისად ფასიც მაღალია,“ - განმარტავს „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე.

კითხვაზე, უახლოეს მომავალში კვერცხის საფასური კიდევ გაიზრდება თუ არა, უჩუმბეგაშვილი პასუხობს, რომ თუ სექტორი 1-2 თვის განმავლობაში თავის გატანას შეძლებს, შემდეგ რუსეთში ახალი მოსავლის აღება დაიწყება, შესაბამისად ძველ პროდუქციაზე ფასი დაიკლებს და კვერცხის საფასურიც აღარ გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები