Reuters-ის ცნობით, რუსეთში საწვავის მწარმოებელმა კომპანიებმა კრემლისგან ბენზინისა და დიზელის ექსპორტის აღდგენისთვის მომზადების დირექტივები მიიღეს - ინფორმაციას მედიას სამი სხვადასხვა წყარო უდასტურებს.
რუსეთმა საწვავის ექსპორტზე შეზღუდვა მიმდინარე წლის 21 სექტემბრიდან დააწესა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტების დეფიციტით იყო გამოწვეული. მოგვიანებით, 6 ოქტომბერს, კრემლმა დიზელის მილსადენებით გადაზიდვაზე შეზღუდვა მოხსნა, თუმცა საწვავის სატვირთოებითა და სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვა კვლავ აკრძალულია.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ქვეყანა შეზღუდვის მოხსნას განიხილავდა. Reuters-ს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, რომ საწვავის ექსპორტი მომავალი კვირიდან განახლდება.
“დაგვპირდნენ, რომ ექსპორტის აკრძალვა შემდეგი კვირიდან მოიხსნება. ამ პირობის გამო საექსპორტო გეგმა უკვე გვაქვს დროში გაწერილი”, - ამბობს ერთ-ერთი წყარო.
როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები განმარტავენ, ადგილობრივი ბაზარი წარმოებულ საწვავს სრულად ვერ ითვისებს, რადგან ამჟამად რუსეთში ასეთი სეზონია.
აღსანიშნავია, რომ დიზელი რუსეთის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ნავთობპროდუქტია. გასულ წელს 35 მეტრული ტონა დიზელის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ¾-იც მილსადენებით ტრანსპორტირდება. რაც შეეხება ბენზინს - 2022 წელს რუსეთმა 4.8 ტონა გაყიდა საზღვარგარეთ.