მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“რუსეთიდან სატვირთო ავტომობილების ქართველი მძღოლების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო” - გადამზიდავები

ტრაილერი სატვირთო

ბოლო თვე ნახევარია რუსეთიდან სატვირთო ავტომობილების ქართველი მძღოლების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო. რუსეთმა საემიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში ყოფნის ვადა 180 -დან 90- დღემდე შეამცირა, რისი მიზეზითაც ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოდან რუსეთში ან რუსეთიდან საქართველოში მომავალ ქართულ სატვირთო ავტომობილებს ადგილობრივი საპატრულო სამსახურები, ძირითადად ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე აჩერებენ და რუსეთის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში ჯამურად 90 დღეზე მეტი ხნით დაყოვნების შემთხვევაში ქართველ მძღოლს ხუთწლიან დეპორტს უფორმებენ.

საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ინფორმაციით, საზღვარზე არსებული დაყოვნებების და რუსეთის ტერიტორიის მასშტაბის გათვალისწინებით, 90-დღიანი შეზღუდვა ფაქტობრივად მხოლოდ 3-4 გადაზიდვაა წლის განმავლობაში. არსებული ინფორმაციით, დეპორტაცია უკვე შეეხო 100-ზე მეტ სატვირთო ავტომობილის მძღოლს.

“რუსეთის საიმიგრაციო კანონმდებლობა შეიცვალა მიმდინარე წლის დასაწყისში, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ყოფნის ნორმატიული ვადა განესაზღვრათ 90 დღე ერთი წლის განმავლობაში, ნაცვლად 180 დღისა.

ეს კანონი არსებობდა მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ მისი აღსრულება არ ხდებოდა, შესაბამისად არავინ იყო შეწუხებული ამით. მაგრამ დაახლოებით ერთი თვე, თვე-ნახევრის წინ რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან აქტიურად დაიწყეს გადამზიდავების და მძღოლების დევნა ამ ნიშნით და ამ კანონმდებლობით. თავდაპირველად იყო უფრო ყირგიზეთის, უზბეკეთის მოქალაქეებზე აქცენტირებული დევნა და აჩერებდნენ მათ გზებზე, პარკებში და ა.შ. მასიურად ადეპორტებდნენ და უჩერებდნენ გადაზიდვის პროცესს. ამის შემდეგ უკვე წამოვიდა სომხეთის და საქართველოს მოქალაქეებზე დაწოლა.

მთელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორია დაფარულია უამრავი პოსტით, გადასასვლელით, მაკონტროლებელით, ე.წ გაის თანამშრომლებიდან დაწყებული, სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლებით, ყველა ჩაერთო ამ პროცესში. ანუ ყველამ მოჰკრა ყური, რომ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს მძღოლების გადაადგილებას, მძღოლების ყოფნას ქვეყნის ტერიტორიაზე და ყველა ბოროტად ცდილობს ისარგებლოს ამით.

ხშირ შემთხვევაში მძღოლებს აჩერებენ, ემუქრებიან, რომ გადასცემენ საიმიგრაციო სამსახურს და იქ შეექმნებათ პრობლემები. დადგენილი ტარიფები, რასაც შეჩვეული იყვნენ ქართველი მძღოლები, გაათმაგდა.

გადაზიდვის პროცესში შეჩერებული ავტომანქანა და დადეპორტებული მძღოლი, ეს უზარმაზარი ფინანსური დანაკარგია. ის ვალდებულებები მაინც შესასრულებელი რჩება, ტვირთი ჩასატანია, ავტომანქანა ჩამოსაყვანია უკან ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს კი ძალიან მძიმე მოსაგვარებელი პრობლემაა, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ისეთი მძღოლები, რომლებსაც არა აქვს ეს 90-დღიანი დარღვეული ვადა, ძალიან ცოტა დარჩა.

რუსეთის ტერიტორიის სიდიდის და საზღვარზე არსებული დაყოვნებების გათვალისწინებით ერთ კონკრეტულ გადაზიდვაზე მძღოლი შეიძლება ხარჯავდეს 25-35 დღეს . ამის გათვალისწინებით, 90-დღიანი ვადა შეიძლება იყოს სამი, მაქსიმუმ ოთხი გადაზიდვის პერიოდი, რაც არაფერია საერთაშორისო გადაზიდვების გათვალისწინებით.

ბოლო მონაცემებით, 100-მდე მძღოლი უკვე დაექვემდებარა დეპორტირებას. ვიღაცები მაინც ბედავენ საკუთარი რისკის ფასად აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაზიდვას, მაგრამ ძალიან ბევრი მოლოდინის რეჟიმშია, სანამ ეს გაურკვევლობა დასრულდება.

აქ არაა საუბარი მხოლოდ რუსეთში გადასატან ან რუსეთიდან ჩამოსატან ტვირთებზე. აქ საუბარი არის ტრანზიტულ ტვირთებზეც, რომელიც შუა აზიაში ან ჩინეთში მიემართება. რუსეთის ტერიტორიის სატრანზიტო ფუნქციით სარგებლობა სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი გადამზიდავისთვის, რომელიც ყირგიზეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში და ჩინეთის მიმართულებით ტვირთებს გადაზიდავს. სპექტრი ძალიან დიდია და მთელი ეს აღმოსავლეთი, ანუ ცენტრალური აზია, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთის წილი რომ ჩამოვაშოროთ ქართული გადაზიდვების კალათას, აღარაფერი დაგვრჩება. შესაბამისად, არის პრობლემა ასეთი მწვავე”,-აცხადებს BM.GE-სთან ირაკლი ნემსაძე.

რუსეთიდან ქართველი მძღოლების დეპორტაციის საკითხის გადაწყვეტის მიზნით ქართველმა გადამზიდავებმა დაახლოებით 10 დღის წინ უკვე მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იმედოვნებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით საკითხის გადაწყვეტის გარკვეული კომპრომისული ვარიანტი გამოიძებნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები