მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთიდან უცხოური კომპანიებისა და ბრენდების ასეთ მასობრივ გადინებას არავინ ელოდა“ - რუსი მილიარდერი

623878a7c8a4a
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.22 13:20
6749
“ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და მათი შესაძლო შედეგები, არც განჭვრეტილი იყო და არც გაანალიზებული ან პროგნოზირებული” - ასე აფასებს რუსი მილიარდერი ვლადიმერ პოტანინი დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო, ეკონომიკურ სანქციებს და მათ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე RBC-სთან ვრცელ ინტერვიუში.

კითხვაზე - რა სჭირდება ბიზნესს მთავრობისგან არსებულ ვითარებაში, რუსი მილიარდერი პასუხობს: „ჩემი გაგებით, მთავრობა ბიზნესისთვის ზოგადი კეთილსაიმედო გარემოსთვის უნდა ზრუნავდეს და კრიზისულ პერიოდებში მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებს და მოწყვლად ბიზნესებს მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს, რასაც ხელისუფლება საკმაოდ კარგად აკეთებს“.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ნაბიჯებს დადებითად აფასებს, მსოფლიოში მეტალურგიის დარგში ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „ნორილსკი ნიკელის“ მმართველი თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლება დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე სპონტანურად მოქმედებს, რაც ქაოტურ მდგომარეობას ქმნის.

„მეორე მხრივ, ჩანს, რომ მთავრობის რეაგირება დაჩქარებული დღის წესრიგის ნაწილია. სახეზეა, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და მათი შესაძლო შედეგები, არც განჭვრეტილი იყო და არც გაანალიზებული, ან პროგნოზირებული. შესაბამისად, მათზე რეაგირება სპონტანურია. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რომ დასავლელი პარტნიორები რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებს და ეროვნულ სარეზერვო ფონდსაც დააყადაღებდნენ და ამ რეზერვებს ხელი დაედებოდა. ფაქტია, ეს მათი მხრიდან ანგაჟირებული ნაბიჯია და ეტყობა, ეს ჩვენ მიერ არ განიხილებოდა როგორც შესაძლებლობა. ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა რუსეთის ბაზრიდან უცხოური კომპანიების ასეთ მასობრივ გადინებას, თან ბევრი მათგანი ამას არა სანქციების გამო, არამედ ნებაყოფლობით აკეთებს. გასაგებია, რომ ეს მათზე სერიოზული ზეგავლენის შედეგია. შესაბამისად, ამასზე რეაგირებაც სპონტანურად გვიწევს“, - ამბობს „ნორნიკელის“ მმართველი.

ვლადიმერ პოტანინი თვლის, რომ მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც დაწესებული სანქციების მიუხედავად ვალის მომსახურება შეუძლიათ, სახელმწიფომ ამ ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

„სპონტანური რეაგირების მიუხედავად, რაც გარკვეულ გაუგებრობებს ქმნის, საკითხები ჩემი აზრით, საკმაოდ ოპერატიულად წყდება. შემიძლია მოგიყვანოთ ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება მაგალითისთვის: სავალუტო რეგულირება. ეს ითვალისწინებს კომპანიის როგორც სუვერენული, ასევე სხვა ვალების გადახდების შეზღუდვას სპეციალურ ანგარიშზე რუბლში, შემდგომი კონვერტაციით, მხოლოდ სავალუტო რეზერვებზე ყადაღის მოხსნის შემთხვევაში.

ამ ნაწილში ერთი პრობლემა არსებობს, მიმდინარე გადახდები - ობლიგაციების, პროცენტების და კრედიტების ამორტიზაციის ნაწილში, ცხადია, იქ, სადაც ეს შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ჩემი აზრით, იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ამ სესხების მომსახურება შეუძლიათ, ზედმეტი შეზღუდვა საჭირო არ არის. მათ საშუალება უნდა მიეცეთ ასეთი გადახდები განახორციელონ. რადგან მცირე თანხების გადაუხდელობასაც კი კროსდეფოლტამდე მივყავართ. შესაბამისად, ჩვენ არ გვჭირდება ისეთ გამოუვალი მდგომარეობის წინაშე დადგომა, როდესაც კომპანიის ყველა ვალი სასწრაფოდ დასაფარ რეჟიმში გადადის. ჩემი აზრით, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ამიტომ მე, რეგულაციებიდან ამ ნაწილის გაუქმების ინიციატივით გამოვედი იმ კორპორაციებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ და აქვთ ამის შესაძლებლობა... „ნორნიკელს“ შეუძლია და სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ, განსაკუთრებით ექსპორტიორებს შეუძლიათ ობლიგაციის სარგებელი და პროცენტები დაფარონ“, - განაცხადა პოტანინმა.

კითხვაზე - ელის თუ არა ბიზნესმენი დასავლეთიდან რუსეთის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას, რუსმა მილიარდერმა თქვა, რომ „კი“.

„სანქციები ისედაც პანდორას ყუთია, რომელსაც ხსნი და საზღვრები მოხსნილია. დიახ, შეიძლება უფრო მკაცრი სანქციებიც იყოს“, - განაცხადა მან ინტერვიუს დროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები